LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულო ოცნებავ! მე აღარ მჯერა თქვენი ისე, როგორც მჯეროდა” – ირაკლი მეძმარიაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

331

საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავჯდომარე, ასევე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს.

როგორც ის წერს, “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი ახლა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით და ბოლო დროს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა. თუმცა, მეძმარიაშვილი ამბობს, რომ მათ ალტერნატივას მაინც ვერ ხედავს.

„ქართულო ოცნებავ!

მე აღარ მჯერა თქვენი ისე, როგორც მჯეროდა რამდენიმე წლის წინ;

მე არ მომწონს ტემპი, რომლითაც თქვენ მუშაობთ;

ეს ნაწილ-ნაწილ ჩანაწერების ფრიალი, ციხიდან გამოსული გაუგებარი საუბრები და დადგმები ხო საერთოდ მაგიჟებს. ხალხი დაზაფრული დადის ტელევიზიების შემხედვარე.

არ მაქვს სახელმწიფოს მყარი შეგრძნება და ცოტა არ იყოს მაშფოთებს ეს – დემოკრატია სისუსტეს არ ნიშნავს!

სიყვარული გაქრა საბოლოოდ, ღიმილიან სახეს უკვე გაკვირვებით ვაკვირდებით. ნელ-ნელა ხალისი ქრება ყველაფრის. ცოტა არ იყოს, სიცოცხლე მოენატრა ხალხს.

ძალიან ბევრს ისევ უკიდურესად უჭირს!

თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ წინამორბედებს ჯობიხართ, მარტო ამისთვის არ აგვირჩევიხართ!

გულწრფელი რომ ვიყო, დადებითებიც გაქვთ და რაღაცები წინ წაწიეთ კიდეც, პატიოსან და მშრომელ ხალხსაც ვიცნობ თქვენს გუნდში, მაგრამ ზემოთ რაც ვთქვი, ამ ყველაფერს ფარავს. ასე ზოზინით და კითხვის ნიშნებით წინ ვერ წახვალთ. ჩემი ქვეყნის ხელისუფალი უფრო მართალი, ქმედითი და მყარი გვჭირდება.

დამიჯერეთ, ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. თავს ნუ მოიტყუებთ, თუ ვინმე პირში გეფერებათ და სხვანაირი მაამებლური ამბები მოაქვს თქვენამდე.

მაგრამ, და სამწუხაროდ არის ერთი დიდი მაგრამ, დღეს არ არსებობს პოლიტიკური გუნდი, რომელიც თქვენზე უკეთესია, შეგიძლია მიენდო, მხარი დაუჭირო და იყო წყნარად.

არ ვიცი, ესეც თქვენივე “ნაჩალიჩარი” არის თუ არა (რადგან პრინციპში ეს ყველაზე მეტად გაწყობთ), მაგრამ თქვენი ალტერნატივა, შანსითაც და ყველანაირი რესურსითაც ისევ ნაციონალური მოძრაობაა…

ამიტომ სხვა გზაც აღარ გვრჩება…

გაძლევთ ბოლო შანსს, რომ დაქოქოთ ეს ქვეყანა, გააქროთ ყოველგვარი კითხვის ნიშანი კორუფციაზე, “ხელშეუხებელ ბიზნესმენებზე”, უნიათობაზე და ჯანდაბაზე, კიდევ გაქვთ ამისი რესურსი და გაინძერით!

მოვალ 28 ოქტომბერს და ხმას მივცემ სალომეს. ისიც ვიცი, რომ ამით მაინცდამაინც არაფერი იცვლება, მაგრამ როგორც მინიმუმ ნაცი პრეზიდენტი არ გვეყოლება.

მაგრამ!

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ყველაფერს გვერდით გადავდებ და თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, თუ ისევ მხოლოდ იმიტომ უნდა მივასკდეთ ნახევარი საქართველო არჩევნებზე, რომ ნაცები არ მობრუნდნენ, ძალიან ცუდად დავამთავრებთ ამ ამბავს. თუმცა მიშას გასახარად მით უმეტეს არა!

მოვდივართ 28-ში, ქუდზე კაცი გამოვალთ კიდევ ერთხელ რეჟიმის წარმომადგენელი პრეზიდენტი რომ არ გვყავდეს, მხარს სალომეს დავუჭერთ. შეირგეთ და შეგვარგეთ თუ შეიძლება“ – წერს ირაკლი მეძმარიაშვილი.