„ქართული ზღაპრები ემიგრანტი ბავშვებისთვის“- პროექტი, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმარჯვა, აპრილიდან განხორციელდება.
პროექტი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში არსებული ქართული საკვირაო სკოლა „ნაკადულისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფლის“ ერთობლივი მუშაობით მომზადდა.
„პროექტის ავტორები მწერალი გურამ მეგრელიშვილი და ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძე არიან. გურამ მეგრელიშვილის ავტორობით უკვე არაერთი გამოცემა მომზადდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის.
კონკრეტული პროექტის „ქართული ზღაპრები ემიგრანტი ბავშვებისათვის“ მიზანია: საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის პოპულარიზება და საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება; ქართველი ავტორების გაცნობა-პოპულარიზება.
დასახული მიზნისთვის პროექტის ამოცანებია: ზღაპრების მომზადება საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვების ენის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით; ზღაპრების აუდიო ვერსიების ჩაწერა და ზღაპრებზე ილუსტრაციების შექმნა.
ბოლო ეტაპზე ზღაპრის ავტორები საბავშვო მწერლები მარიამ წიკლაური და ლელა ცუცქირიძე პრეზენტაციას გამართავენ ბაზელში, სადაც საკვირაო სკოლა „ნაკადულის“ მოსწავლეებს შეხვდებიან.
აღნიშნული პროექტი დაეხმარება არა მხოლოდ შვეიცარიაში მცხოვრებ მოქალაქეებს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ქართველ ბავშვებს“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.