პირველი ქართული ზეთისხილის ზეთის რეალიზება 25 მაისიდან დაიწყება. პროდუქცია საწყის ეტაპზე ”კარფურის” ქსელში გამოჩნდება, უახლოეს პერიოდში კი სხვა სავაჭრო ქსელებშიც გაიყიდება. როგორც ”ფორტუნას” შპს ”ქართული ზეთისხილის” დირექტორმა ნელი გეთიაშვილმა განუცხადა, კომპანიამ საწყის ეტაპზე 30 ტონა ზეთი დაამზადდა.
”ახლა მიმდინარეობს ამ ზეთის ბოთლებში ჩამოსხმის პროცესი. ვასხმათ 250, 500 და 750 მილილიტრიან ბოთლებში, შესაბამისად, ღირებულებაც სხვადასხვა იქნება. თუმცა, ეს არის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მისი ფასი იმპორტირებულ ზეთთან შედარებით გაცილებით იაფი იქნება”, – აღნიშნა გეთიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ”კარფურთან” პროდუქციის ღირებულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, შპს ”ქართული ზეთისხილი” რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული. 300 ჰექტარზე გაშენებულ ზეთისხილის ბაღებში და გადამამუშავებელ საწარმოში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. პროექტი საქართველოდან წასულმა ქართველმა ბიზნესმენმა, გიორგი სვანიძემ განახორციელა. საქარმო, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული, უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს. ცნობისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მდებარეობს.