ქართული ყველის პირველი რეგიონული ფესტივალი მცხეთაში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები კი საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია არიან. როგორც ”ფორტუნას” ყველის მწარმოებელთა გილდიაში განუცხადეს, „ქართული ყველის ფესტივალი – მცხეთა 2016 “, 24 ივლისს ქ.მცხეთაში ჩატარდება.
„ქართული ყველის ფესტივალი – მცხეთა 2016“ პირველი რეგიონული ფესტივალია განახლებული კონცეფციით. კონცეფცია ორი მიმართულებით მუშაობას გულისხმობს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და ანვითარებენ. მცხეთის ფესტივალით იწყება მეორე, ანუ ადგილწარმოშობის რძის პროდუქტების პოპულარიზაციის ეტაპი. ადგილწარმოშობის რძის პროდუქტების შესწავლა და პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია ყველის სახეობების სტანდარტის დასადგენად და სამეურნეო კულტურის ამ დარგში, მსოფლიო რუკაზე საკუთარი სეგმენტის დასამკვიდრებლად”, – განაცხადეს ყველის მწარმოებელთა გილდიაში.
მათივე ინფორმაციით, წლევანდელი ფესტივალის მასპინძელია მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, როგორც გასული წლის პირველი კავკასიური ყველის ფესტივალის გამარჯვებული. შარშან სწორედ ამ ფესტივალზე გამოვლინდა პირველი გამარჯვებული რეგიონი, რითიც საფუძველი ჩაეყარა ქართული ყველის ფესტივალის სხვადასხვა კუთხეებში გადანაცვლებასა და ადგილზე საუკეთესო მწარმოებლების გამოვლენას.
24 ივლისს ფესტივალის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მასპინძელი რეგიონის მეყველეები, სტუმრის სტატუსით კი მოწვეულები არიან ყველის ოსტატები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ფესტივალზე, ყველთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, თაფლი, პური, ლუდი, ჩურჩხელა და ჩირეული, ხელსაქმე და ამ კუთხის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნუგბარი.
”ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: “ქართული ყველის სახლი” “აღდგენლი ყველების” კოლექციით. ცოცხალ ლეგენდად აღიარებული ყველის ოსტატები – გალინა ინასარიძე, მესხეთიდან, რომელიც ტენილი ყველის საიდუმლოს გაზიარებთ, გასული წლის კავკასიური ფესტივალის აღმოჩენა, „კობის ყველის“ გადამრჩენელი – რუსლან გუჯარაიძე, მარიამ ხუცურაული „სანათას სახლით“ და მცხეთა-მთიანეთის ეგზოტიკური, უკვე არამატერიალურ კულტურად აღიარებული დამბალხაჭოთი, კუმურდოს ეპარქიის სამონასტრო ყველი, კავკასიური ყველის ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი ყველის ოსტატი მამუკა ვაშაკიძე თავისი ექსპერიმენტული მრავალფეროვანი პროდუქციით. მცხეთაში გიმასპინძლებთ ქართული ყველის ფესტივალის არაერთგზის მედალოსანი კომპანია „სანტეც ”, – განმარტეს გილდიაში.
მათივე ცნობით, ღონისძიება 24 ივლისს 10 საათიდან დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.