LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წყალბურთის სახე – ანდრო ბითაძე: „მოსაწყენია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც თავისი აზრი და საქმე არ გააჩნია…“

3320
andro-mtav

საქართველოს ნაკრები და „თბილისის დინამოც“ ბოლო პერიოდია, არნახულ წარმატებებს აღწევს და დიდ პოპულარობას იხვეჭს გულშემატკივარს შორის. წელს პირველად, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

25 წლის ასაკში ანდრო ბითაძე ქართული წყალბურთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ლიდერი მოთამაშის პოზიციაზე ხვდება. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, გამოიარა საკუთარ თავთან დიდი ბრძოლა სპორტთან მიმართებით – რამდენჯერმე მოუწია არჩევანის გაკეთებამ და ბოლოს, მაინც წყალბურთმა გაიმარჯვა…

ანდრო ქართული წყალბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახედ მიიჩნევა, მოიარა რამდენიმე კარგი გუნდი მსოფლიოს მასშტაბით… გულშემატკივარი გოგონების სიმცირეს არ უჩივის საკუთარი კარგი გარეგნობის წყალობით, თუმცა ის ეტაპიც გადალახა, როდესაც ამ ყურადღების გამო აჟიტირებული იყო…

Fortuna.ge სიამოვნებით გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს, რომელიც ახალგაზრდა და პერსპექტიულ სპორსტმენთან ჩავწერეთ…

ანდრო, ქართული წყალბურთის ბოლოდროინდელ წარმატებებს თუ გავითვალისწინებთ – და ვიცით, რომ ნაკრები, არსებობის ისტორიაში, პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე „დინამო თბილისმა“ ახლახან ისეთი გრანდი დაამარცხა, როგორიც პირეოსის „ოლიმპიაკოსია“. რა მნიშვნელობა აქვს სპორტსმენებისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებას, მით უმეტეს, ჩვენნაირი მენტალიტეტის ქვეყანაში, სადაც ემოციები ყოველთვის წინა პლანზეა…

რაც შეეხება გუნდს, გვყავს ფსიქოლოგი. წელს დაგვინიშნეს. სხვათა შორის, ძალიან ბევრ მოთაშეს დაეხმარა, ყველას, რასაკვირველია, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მეც, შემიძლია ვთქვა, რომ დამეხმარა. მეც მქონდა წინაღობები, რაც ძირითადად, განპირობებული იყო წყალბურთით, თუმცა სათავეს იღებს სხვა წყაროებიდან. ზოგადად, ორი წელია, რაც ფსიქოლოგიით დავინტერესდი და თავისუფალ დროს ვცდილობ, ბევრი რამ წავიკითხო, თუმცა დიდი ენერგია და კონცენტრაცია სჭირდება. რიტუალივით მაქვს, დასკვნები გამომაქვს. ცხოვრებაშიც ძალიან დამეხმარა და პროფესიაშიც. ბოლო ერთი წელია, არა მხოლოდ სპორტის, არამედ ზოგადად, ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება შევცვალე.

რაღაც ასაკამდე ისე მივედი, მხოლოდ შრომისა და ნიჭის ხარჯზე, – ამის შემდეგ უკვე სხვანაირი მიდგომა გჭირდება, როდესაც პროფესიონალურ დონეზე გადადიხარ და ამბციიებიც გეზრდება. მენტორი არასდროს მყოლია და კარიერის მხრივ რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვი. არ ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი ამ პრობლემებს. ისეთ ასაკში მოხდა, როცა კოგნიტური აზროვნება გიყალიბდება ადამიანს. ცოტა რთული პერიოდი მქონდა, რომელიც გადავლახე.

ხომ არ გინდოდა წყალბურთისთვის თავის დანებება?

არაერთხელ მქონია  ეს სურვილი და ყველა ადამიანს აქვს გადაღლის ეპიზოდები. გარდამტეხი მომენტი დადგა 19 წლის ასაკში, როცა იტალიაში, რომში ვთამაშობდი. 15 წლიდან საზღვარგარეთ ვიყავი. 15-19 წლის ასაკში პატარ-პატარა ნაბიჯებით მსოფლიო წყალბურთის ასპარეზზე წინ მივიწევდი. 19 წლისამ კარგი სეზონი ჩავატარე რომში. ამის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გუნდიდან – „პრორეკოდან“ მქონდა შეთავაზება, რვაწლიან კონტრაქტზე, სამომავლო გეგმაში ჩამსვეს. თავიდან მეორე გუნდში ვითამაშებდი, „სპორტმენეჯმენტში“, შემდეგ გადავიდოდი „პრორეკოში“… იმ დროს პროტესტი გამიჩნდა – ჩემი რესურსი, ენერგია, ნერვები, ბავშვობა, – ის დრო, როცა გონებრივადაც უნდა განვვითარებულიყავი, წამერთვა… სადღაც მეათე კლასიდან სკოლაში აღარ მივლია. ონლაინ ვემზადებოდი. ეს ცალკე სტრესი იყო. პატარაობიდან ინტერესი ბევრი რამის მიმართ მქონდა. სულ ძიების პროცესში ვიყავი. სპორტმა მომიკლა ეს მომენტი… მაგრამ ასეა ცხოვრებაში, რაღაცის გაკეთება თუ გსურს, თუ გინდა, პროფესიონალი იყო, ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. საკითხს შევხედე ასე – რას მომცემს წყალბურთი? წყალბურთი ენთუზიასტების სპორტია, ფინანსური კუთხით არ არის მომხიბვლელი. არათუ ფეხბურთს, რაგბისაც კი ვერ შეადარებ. ვფიქრობდი, მოდი, გამოვიყენებ სპორტს, რომ განათლება მივიღო-მეთქი. ვფიქრობდი ამერიკაში სწავლაზე, სადაც როგორც სპორტსმენს, სწავლის დიდ ნაწილს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მიფინანსებდნენ. რომში ყოფნისას დავიწყე ძიება, გავედი კონტაქტზე მწვრთნელებთან. ისე მოხდა, რომ გამიწელეს პროცესი და შეივსო ადგილები… წყალბურთში ძალიან წავედი წინ, მაგრამ იმ ფიქრებში ვიყავი, მინდა თუ არა ამის გაგრძელება-მეთქი, რამდენი რამ შემეძლო მესწავლა და წინ წავსულიყავი… ალბათ, ბოლომდე ვერ მაქვს გადახარშული ეს ამბავი…

ახლა 25 წლის ხარ. ახლაც არ არის გვიან სწავლა…

რა თქმა უნდა, არ არის გვიან. მაშინ დავრჩი რომში, უარი ვთქვი იმ ძალიან მაგარ შესაძლებლობაზე, მაგრამ ერთი წამითაც კი არ ვნანობ. იტალიაში რომ დავრჩი, ეკონომიკის მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ეს წელი ბევრად უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა ვიცოდი, რომ სწავლის პარალელურად, სპორტში რეგრესი მექნებოდა. ამის მიუხედავად გადავდგი ეს ნაბიჯი. მაშინ გავაანალიზე, რომ ან ერთი უნდა ამერჩია, ან – მეორე. მაშინ ისევ არჩევანის მომენტი დადგა – ან უნდა დამენებებინა თავი წყალბურთისთვის და გამეგრძელებინა სწავლა, ან მეფიქრა, რომ კარგი იყო ეს ერთი წელი და აღარ გამეგრძელებინა სწავლა. თან, ვხვდებოდი, რომ ისევ ნულიდან უნდა დამეწყო. ბოლოს მაინც წყალბურთის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. ახლაც ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი მითამაშია, რისი პოტენციალიც გამაჩნია. წყალბურთში, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, 26-27 წლიდან იწყებ თამაშს – გამოცდილებაც გჭირდება და კაცური ჯანიც. კარგია, რომ ეს ყველაფერი გამოვცადე და მივედი ამ დასკვნამდე. მერე ძალიან გამიმარტივდა არჩევანი. ამის შემდეგ დაიწყო რთული პერიოდი. თავიდან გავიარე ის, რაც 15-19 წლის ასაკში შევძელი. მერე ჩამოვედი „დინამოში“. მესამე წელია, აქ ვარ…

შენთვის, როგორც ქართველი სპორტსმენისთვის, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ წყალბურთის მსოფლიო რუკაზე მოინიშნა ქართული წყალბურთი. საქართველოშიც, წარმატებების პარალელურად, მოგემატათ გულშემატკივრები. ეს რა სტიმულია ახალგაზრდა სპორტსმენისთვის?

ამ ბოლო დროს რამდენიმე ადამიანმა მიცნო, რამაც ძალიან გამახარა. რა თქმა უნდა, პოპულარობა მეორეხარისხოვანია, გამარჯვება და კარგი თამაში, პროგრესია მთავარია.

როგორ ფიქრობ, მისცემთ ბიძგს სპორტის ამ სახეობის პოპულარობას ახალ თაობაში?

უკვე გვაქვს ეს შედეგი. ბოლოს „დინამოს“ რა შედეგებიც ჰქონდა და ბოლო წელიწადნახევარია, რა პოპულარობითაც სარგებლობს, მოსულან ჩემთან პირადად მშობლები და უკითხავთ, სად მიიყვანონ შვილები. რა თქმა უნდა, „დინამოს აკადემიას“ ვურჩევ, – მიღებული შედეგი დინამოსა და ფედერაციის სწორმა მუშაობამ განაპირობა. მგონი, ყველა გაკრეფილი ვიყავით და საზღვარგარეთ ვთამაშობდით. ჩვენი საქართველოში დაბრუნება და „დინამო თბილისის“ გაძლიერება  სწორედ ამ მიზნებს უკავშირდებოდა…

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება ბოლო დროს მსოფლიო ტრენდია. გქონია შემთხვევა, როდესაც გადაგიხვევია, როგორც სპორტსმენს, ჯანსაღი ცხოვრების წესიდან, დაგილევია, მოგიწევია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალება, მიგირთმევია ფასტ ფუდი და მერე თუ ნანობ ხოლმე ამას?

ვერ მოვიტყუები, ადამიანი გულწრფელი უნდა იყო, რა თქმა უნდა, მეც, როგორც ბევრ ადამიანს, მქონია ასეთი სასიამოვნო ცდუნების მომენტები, აკრძალული ხილის გასინჯვის. პერიოდი მქონდა, როცა ფასტ ფუდს ყოველდღე ვჭამდი, დალევის მერე რომ წახვალ… თუმცა სასმელი დიდად არ მიყვარს. მხოლოდ დასვენების პერიოდში მივირთმევ და არა თამაშის პერიოდში. დალევასაც გააჩნია. პარასკევსა და შაბათს ლუდის ან მაქსიმუმ ორი ჭიქა ღვინის დალევა პრობლემა არ არის. იშვიათია უფრო მეტის დალევა და მერე ორი-სამი დღე მჭირდება გონზე მოსასვლელად. როცა ორგანიზმი მიჩვეულია ჯანსაღ კვებასა და რეჟიმს, უფრო მეტად გიჭირს. მინდა თუ არა, ჯანსაღი ცხოვრება ჩემია. ადრე ამას ვერ ვიაზრებდი. ახლაც რა ასაკი მე მაქვს, 25 წლის გავხდი ახლახან, მაგრამ უფრო მეტად ვიაზრებ, რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღად ცხოვრებას. ორი-სამი საათი არაფხიზლად რომ ხარ, მეორე დღე მთლიანად დაკარგული გაქვს. თინეიჯერობის ასაკში მქონია გართობის ეპიზოდები – დალევაც, მათ შორის… ესეც, ალბათ, პროტესტის შედეგი იყო. ამ ასაკში გინდა ახლის აღმოჩენა და შეცნობა. ჩემ გარშემო ყველა ერთობოდა, მეც მინდოდა, მაგრამ ბევრი შანსი არ მეძლეოდა. ალკოჰოლი 16 წლამდე საერთოდ არ მქონდა გასინჯული… პირველად რომ დავლიე, არაფერი არ მახსოვდა… ვფიქრობ, როცა სპორტსმენი ხარ და გინდა, სერიოზულ შედეგს მიაღწიო, ძალიან ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი, ისეთ რაღაცებზე, რაც კონკრეტულ მომენტში სიამოვნებას განიჭებს, გამოცდილებასაც იღებ, მაგრამ ეს სასიამოვნო ცდუნებები ძალიან უარყოფითად აისახება ადამიანზე. დღეს, რა შედარებაა, უფრო ვუფრთხილდები თავს. საბოლოოდ, ალბათ, ადამიანმა, ყველაფერი უნდა გამოსცადო, რომ იცოდე, რაზე ამბობ უარს, ესეც გააზრებულად. ვფიქრობ, ახლა სწორი დასკვნები მაქვს გამოტანილი. ვერ შევადარებ, 21-22 წლის ასაკში როგორი ამტანობა მქონდა და ახლანდელს…

როგორც თავად ამბობ, დიდი ტრანსფორმაცია განგიცდია 25 წლამდე,- პირად ურთიერთობებში რა გადააფასე?

კონკრეტული ადამიანების მიმართ შემეცვალა დამოკიდებულება და გახდა უკეთესი – ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო აქამდე, მაგრამ გადაუჭრელი კითხვები გვქონდა, გულწრფელად მისაუბრია, ვიღაცამ ვერ გამიგო და ჩვენი გზები გაიყარა. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში ორი-სამი ახლო მეგობარი დამრჩებოდა. ზოგადად, ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ახლობელი მათგან მხოლოდ რამდენიმეა. ამხანაგი უამრავია, როგორც ყველას ცხოვრებაში.

შენ გვერდით როგორი გოგონა წარმოგიდგენია, ვისთანაც საინტერესო იქნება ურთიერთობა?

ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობა მეორეხარისხოვანია, პირველი ლტოლვა ადამიანის მიმართ გარეგნობის მიხედვით გიჩნდება, მაგრამ ერთი კრიტერიუმი არ მაქვს – ბოლო დროს, მსიამოვნებს კონტაქტი გულწრფელ ადამიანებთან. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს, თვითგანადგურებისკენ მიდის. ძალიან ვაფასებ სიკეთეს. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ბოროტება და სიკეთე სუბიექტურია, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის. კეთილი ადამიანი უნდა იყო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქართული წყალბურთის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ წარმომადგენლად მიიჩნევი და ბევრი თაყვანისმცმელი გყავს. როგორ უყურებ ასეთ შეფასებებს?

არაფერს ნიშნავს-მეთქი, რომ ვთქვა, ალბათ, მოვიტყუები. უბრალოდ, ეს არ უნდა გახდეს შენთვის პრიორიტეტი. შენს ყოფას რომ ააწყობ ამაზე, ცუდი შედეგები გექნება, კარიერულად, ცხოვრებაშიც, მენტალურად. ყურადღება სასიამოვნოა. თინეიჯერობაში, ალბათ, გოგონების ყურადღებისგან ვიკვებებოდი. ეს ყველა ნორმალურ ადამიანს ჰქონია. ასაკთან ერთად, გამიარა. ახლა ყურადღების მომენტი ისეთი ღირებული არ არის. არ ვცდილობ, ხელოვნურად მივიქციო ყურადღება. ადრე მინდოდა ეს და ქცევაც შესაბამისი მქონდა, ახლა აღარ მიზიდავს…

ანუ „მონადირე“ ტიპი არ ხარ…

არც მონადირე ვარ და არც უნდა მომინადირონ. შუაში ვარ სადღაც (იცინის). მაქვს შესაძლებლობა, რომ ვინც კარგი გოგოა, იმასთან დავიწყო ურთიერთობა, მაგრამ ვიღაც გვერდით აუცილებლად რომ მჭირდებოდეს, ასე არ არის… სრულად ჰარმონიული საკუთარ თავთან ვერ იქნები, გინდა თუ არა, სოციალური არსებები ვართ და მარტო ვერ ვიქნებით, მაგრამ ჯერჯერობით ასე მომწონს. არავის დავსდევ, არავინ დამსდევს, – თუ ასეთი ვინმე გამოჩნდება, არანაირად არ ვეკონტაქტები, მარტივად, ზრდილობიანად ვამთავრებ. არ ვაპრობლემებ ურთიერთობების ამბებს და არ ვხლართავ. თუ თანამოაზრეა და მსიამოვნებს ურთიერთობა, ვურთიერთობ. თუმცა მქონია ასეთი შემთხვევაც, დამიწყია ურთიერთობა და ხდება ასეც, რომ მოგეწებებიან, თავისად მიგიჩნევენ. ამ დროს ვიაზრებ, რომ საკუთარი თავი არ ჰყავთ შეცნობილი, არ არიან კომფორტულად და ჩემს ხარჯზე ცდილობენ კომფორტის შექმნას.

დიდი ფილოსოფოსი ყოფილხარ…

სერიოზულ ნაბიჯად მივიჩნევ, რა სახის ურთიერთობაც არ უნდა იყოს… მწარედ მაქვს გამოცდილი, რაზეც ვისაუბრე და აღარ მინდა. შესაძლოა, გაუაზრებლად აკეთებენ, მაგრამ ამას ტოქსიკურ ურთიერთობებს ვეძახი. ასეთ დროს გჭირს ადამიანის გაცნობა. ის თავად არ იცნობს საკუთარ თავს და შენ რანაირად გაიცნობ? მხოლოდ იმპულსური ბედნიერებების მომენტებზე ხარ დამოკიდებული და ეს ჩემთვის ნამდვილი ურთიერთობა არ არის. მგონია, რომ ადამიანთან, რომელიც შენ გვერდითაა, მსგავსი ღირებულებები უნდა მაკავშირებდეს. გულწრფელობა და სიკეთე უკვე დავასახელე. მესიამოვნებოდა ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც თავისი საქმე აქვს ნაპოვნი…

არ ჰგავხარ დიდად ქართველ მამაკაცებს…

მეტყობა ხომ, აქ რომ არ ვცხოვრობდი?! (იცინის). ადამიანს თუ თავისი აზრი და საქმე არ აქვს, მოსაწყენია.

ბოლოს მინდა გკითხო შენი სტილის შესახებ – ტატუები, საყურე, ორიგინალური სამაჯური… შენ თავს გამოხატავ ასე?

ამაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ ვფიქრობ, კი… თავისით მოიტანა ეს სტილი. ჩემი პატარაობისას ყველას შავი ეცვა, ბენსიმონები იყო მოდური, ერთ სტილში იყო ყველა ჩაცმული, მაგრამ მაშინაც რაც მომწონდა, იმას ვიცვამდი. სულ მიყვარდა ხასხასა ფერები, წითელი თუ ყვითელი. ერთხელ სკოლაში წითელი შარვლით მივედი და მახსოვს, ძალიან დამცინეს, მაგრამ მაინც ამაყად დავდიოდი (იღიმის). როგორც ვგრძნობ თავს, ისე ვიცვამ. რაც შეეხება ყურის გახვრეტას, როგორც სამკაულს, ისე ვუყურებ, ასეც უნდა იყოს და ასეც არის. ჩემს მეგობარს წავყევი, რომელიც პირსინგს იკეთებდა და უცებ მკითხა, ყურს გაიხვრეტო, კი-მეთქი… გავიხვრიტე. მერე შემიხორცდა, მეორედაც გავიხვრიტე და მერე მესამედაც. ტატუები პატარაობიდანვე მინდოდა. მცირე ზომით დავიწყე და შემდეგ ნელ-ნელა შევმატე. მაქვს ნახატი მულტფილმიდან „ავატარი“, გულები, ნაყინი, ბალიში, რომელსაც სძინავს… ეს არ არის დეპრესიული ტატუები, მომეწონა და გადავწყვიტე გაკეთება. ალბათ, ბოლო წელია, ვიპოვე ჩემი სტილი. თმას უბრალოდ, ვერ ვიმორჩილებ და დავნებდი, თავისით იპოვა საკუთარი სტილი.

შენი ცხოვრების მთავარი ფრაზა რა არის?

აკეთე სიკეთე და იყავი გულწრფელი, ყველა სიტუაციაში…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები