პირველი ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანია AG Telekom, პლანშეტის შექმნაზე მუშაობს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პროექტზე მუშაობა ინჟინრებმა უკვე დაიწყეს, თუმცა ბაზარზე პლანშეტის გამოსვლამდე, კომპანია სმარტ-ტელევიზორებს გამოუშვებს. ანდროიდის სისტემა საწყის ეტაპზე სწორედ AG Telekom -ის მიერ გამოშვებულ ტელევიზორებში ჩამონტაჟდება, სამომავლოდ კი პლანშეტებზეც იმუშავებს.
”უკვე დაიწერა სმარტ-ტელევიზორების პროექტი. ეს იქნება ჭკვიანი ტელევიზორები, რომლებშიც დაინერგება ”ანდროიდ სისტემა” და ქართველი მომხმარებლი მის შეძენას საკმაოდ მალე შეძლებს. რაც შეეხება, ფასს, ვეცდებით, რომ იყოს ყველასთვის მისაღები”, – განმარტეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, AG Telekom ექსპორტზე გასასვლელადაც ემზადება. პირველი ქართული ტელევიზორები მეზობელ აზერბაიჯანში გაიყიდება. ”ხელშეკრულება გვაქვს კონკრეტულ მოდიფიკაციაზე. ახლა სწორედ ტელევიზორების ამ მოდიფიკაციაზე მორგების პროცესი მიმდინარეობს”,- აღნიშნეს AG Telekom-ში.
მათივე ინფორმაციით, ქართული წარმოების ტელევიზორებზე მოთხოვნა მზარდია. კომპანია, ძირითადად, კორპორატიულ დაკვეთებზე მუშაობს და AG Telekom -ის ტელევიზორებს დიდი რაოდენობით ადგილობრივი სასტუმროები ყიდულობენ.
შეგახსენებთ, კომპანია AG Telekom -მა პირველი ქართული ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა და მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყო. ტელევიზორები რეალიზაციაში 2016 წლის 30 მაისს ჩაეშვა.