საქართველოში ინოვაციური, ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედის წარმოება იგეგმება. აქსესუარი მრავალფუნქციური იქნება და ერთდროულად საფულისა და პირადი სამედიცინო ინფორმაციის შემნახავის ფუნქციას შეასრულებს. ჭკვიანი ბეჭდის სტარტაპის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის 4 სტუდენტს ეკუთვნის.
როგორც ”ფორტუნას” Cnick-ის ოპერაციების დირექტორმა გიორგი მიქაცაძემ განუცხადა, ბეჭედი გაყიდვაში 2017 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ჩაეშვება და თავდაპირველად მისით სარგებლობას კომპანიები შეძლებენ.
”სატესტო რეჟიმში რამდენიმე ბეჭედი უკვე დავამზადეთ და ვნახეთ, რომ მუშაობს. ბეჭედი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ხელის ერთი მოძრაობით გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა). ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი საშუალებით „Cnick“-ს მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. ამასთან, „Cnick“ აბონემენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციასაც ითავსებს”, – განაცხადა მიქაცაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პროექტმა, „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კონკურსში გაიმარჯვა და 100 000 ლარის დაფინანსებაც მიიღო. ამ თანხით სტრატაპის შემქმნელები სხვადასხვა კვლევების ჩატარებას, ასევე ბეჭდის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის კიდევ უფრო დახვეწას გეგმავენ.
როგორც Cnick-ის ოპერაციების დირექტორმა აღნიშნა, პროექტის მთავარი უპირატესობა მასშტაბურობა და ინოვაციურობაა. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეეძლება დაზოგოს საკუთარი დრო და ენერგია, რაც ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს.
რაც შეეხება პროდუქტის რეალიზებას, გიორგი მიქაცაძის თქმით, ბეჭედი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ კი მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანაც იგეგმება.
”საწყის ეტაპზე უნდა მოვიპოვოთ სხვადასხვა ლიცენზია და სერთიფიკატი კომპანიებისგან, რათა მათი სერვისი მიებას ბეჭედს და ჩვენი პროდუქტი უფრო მრავალფუნქციური გახდეს. გვსურს ორგანიზაციებს შევთავაზოთ ბეჭდები თავიანთი თანამშრომლებისათვის, რომელსაც გამოიყენებენ ორგანიზაციაში შესასვლელად; ფაილებისა და ლინკების შესანახად/გასაზიარებლად მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მას შემდეგ კი რაც პროდუქტის გაყიდვებისგან შემოსავალს მივიღებთ, წარმოებას გავზრდით და ჭკვიანი ბეჭდის შეძენა ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება”, – – აღნიშნა სტარტაპის ერთ-ერთმა შემქმნელმა.