თხილის გადამამუშავებელი საწარმო “ჯორჯიან პროდაქტ რენესანსი” საკუთარ საწარმოში ISO-ს შემდეგ, უკვე სურსათის უვნებლობის გლობალურ სტანდარტს ნერგავს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ განუცხადა, BRC-ის სერთიფიკატს “ჯორჯიან პროდაქტ რენესანსი” მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს. რაც შეეხება პროდუქციას, ის 100 პროცენტით საექსპორტოა და ქართული თხილი მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება.
”ვმუშაობთ ძირითადად მეგრულ თხილზე. საკუთარი პლანტაციები არ გვაქვს, შესაბამისად, თხილს ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერებისგან ვიბარებთ. შემდეგ ვამუშავებთ და ვაფასოებთ. გვაქვს თითქმის ყველა სახეობის თხილი – ნატურალი, მოხალული, ბლანშირებული, დაქუცმაცებული და თხილის ფქვილი”, – აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა ქართულ თხილზე არსებობს, როგორც ევროპულ და აზიურ ქვეყნებში, ისე კანადაში. ”ხშირად ვმონაწილეობთ პროდუქტის საერთაშორისო გამოფენებში მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ქართული თხილით დაინტერესებული ქვეყნების რაოდენობაც იზრდება. ერთ თვეში აშშ-ში მივემგზავრებით, სადაც ასევე შევეცდებით, ახალი დამკვეთების მოძიებას”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.
შპს “ჯორჯიან პროდაქტ რენესანსი” საწარმოს ხობის რაიონში 2013 წლიდან ფლობს. ქარხანა მდებარეობს 7051 კვ.მ-ზე, აღჭურვილია თანამედროვე და უცხოური მანქანა-დანადგარებით. ადგილზე დასაქმებულია 90-მდე თანამშრომელი.