LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თამაშები ექსპორტზე გავა

649

შპს ”თამაშობანა” საწარმოს გახსნასა და წარმადობის გაზრდას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნონა სონღულაშვილმა განუცხადა, ”თამაშობანამ” მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო პროექტ ”სტარტაპ საქართველოში”, რომლის ინოვაციურ კონკურსშიც გაიმარჯვა და ახლა დაფინანსების მიღებას ელის.

”მოვიპოვეთ გრანტი, რომლითაც ვაპირებთ მინი-საწარმო შევქმნათ.  თუ აქამდე თამაშები იყო ხელნაკეთი, ქარხანაში  უკვე მათ მანქანა-დანადგარები დაამზადებს. გაუმჯობესდება მათი ხარისხი, საგრძნობლად გაიზრდება რაოდენობა და ქართული თამაშები მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება”, – აღნიშნა სონღულაშვილმა. ამასთან, რაოდენობის გაზრდის პარალელურად, საქართველოში წარმოებული თამაშები ექსპორტზეც გავა, როგროც ევროკავშირის, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

სონღულაშვილის ინფორმაციით, თუ ახლა ხელნაკეთი თამაშების ღირებულება 22 ლარიდან იწყება,  ქარხნულ წარმოებაზე გადასვლის შემდეგ- მათი გასაყიდი ფასი 5 ლარიდან დაიწყება. ”მოთხოვნა ქართულ თამაშებზე აშკარად არსებობს. ამაზე მიუთითებს ის, რომ თავდაპირველად 1000 ცალი თამაში შევქმენით და რეალიზაციაში გავუშვით. ამ ეტაპზე მათი 90% უკვე გაყიდულია და შესაბამისად, უკვე არსებობს წარმოების გაზრდის საჭიროება”, – განმარტა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

როგორც ნონა  სონღულაშვილმა აღნიშნა,  ამ ეტაპზე კომპანიას 12 თამაში აქვს შექმნილი, ესენია: ჯოკერი, ლოტო, თამაშობანა ბურთით,  ქალაქობანა, რეზინობანა, ნარდი, ვისი სული გსურს, სასირბილო თამაშობანა, ორდროშობანა, ამის პატრონმა რა ქნას და  აფორიზმობანა.

ცნობისთვის, შპს ”თამაშობანა” 2015 წელს დაარსდა და წარმოადგენს ქართული თამაშების მწარმოებელ  კომპანიას, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს – როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის. კომპანიაში განმარტავენ, რომ ”თამაშობანას” შექმნის მთავარი მიზანი, მოზარდების  კომპიუტერისგან მოწყვეტა და მათი თამაშებთან დაახლოება იყო. ”გვინდოდა ისინი უფრო მეტად სოციალურები გამხდარიყვნენ. ასევე უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონოდათ მშობლებთან. სწორედ ამ მიზნით, გვაქვს საოჯახო თამაშებიც”, – დასძინეს ”თამაშობანაში”. მათივე ცნობით, ხელნაკეთი თამაშები ორ კატეგორიად იყოფა : ”წვიმაში სათამაშო” (ანუ სახლში სათამაშო) და ”ეზოში სათამაშო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები