LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სტარტაპმა ოკეანე გადაკვეთა – ის ავტოინდუსტრიაში გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ იყიდა

68
screenshot-1-1620754936

ქართული სტარტაპი Pulsar AI – ი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar – მა იყიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული ტექ-სტარტაპებისათვის.

მათივე ცნობით, Pulsar AI პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულად შეძლო საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა. ქართული სტარტაპის ღირებულება ამ შესყიდვით რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

„ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI – მა საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა! 2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა. ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Pulsar AI-ის გუნდს წარმატება მიულოცა.

პრემიერ – მინისტრის თქმით, მაგალითები, რომელიც დღეს Pulsar AI – მა შექმნა, სტიმულის მიმცემი იქნება სხვა ქართული სტარტაპებისთვის.

„ეს წარმატების ისტორია საქართველოს ხელისუფლებისა და სამეცნიერო და ბიზნესწრეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი დაუღალავი მუშაობის შედეგია. დღეს საქართველო უკვე აღიარებული ქვეყანაა მსოფლიო ინოვაციურ რუკაზე, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადგილობრივ სტარტაპებს. პროგრამები, რომლებსაც ჩვენ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ვახორციელებთ, სერიოზულ ბიძგს აძლევს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ხოლო ისეთი მაგალითები, რომელიც დღეს Pulsar AI – მა შექმნა, სტიმულის მიმცემი იქნება სხვა ქართული სტარტაპებისთვის. საქართველო მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლობას აშშ-სა და სხვა წამყვან ქვეყნებთან ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Pulsar AI – მა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა. აღნიშნული სტარტაპი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA).

ქართულმა სტარტაპმა – Pulsar AI-მა შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი დონის პლატფორმა მანქანის დილერებისთვის. Pulsar AI – ის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება SpinCar – ის ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar – ის პლატფორმაზე და Pulsar AI – ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას SpinCar – ის გუნდთან ერთად.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და ერთად დააარსეს Pulsar AI – ი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.

Pulsar AI – ის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს მანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან. კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა – მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

რაც შეეხება SpinCar – ს, ის  ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმში ვიზიტის დროს. SpinCar – ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

Pulsar AI – ის შესყიდვით, SpinCar – ის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში (კანადა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები