დღეიდან 18 მაისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 13 ქართული ექსპორტიორი კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე Sial China 2018 წარსდგება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Sial China 2018, რომელიც ქალაქ შანხაიში გაიმართება, აზიის უმსხვილესი საკვები ინოვაციების სავაჭრო გამოფენაა.
„ღონისძიებას 110 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და წელს 3 400-ზე მეტ სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს 67 ქვეყნიდან. ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ: შპს „ტურალ გრუპი“, შპს „ჯი პი არი“, შპს „ნათსჯი“, შპს „ელენი და კომპანია“ და შპს „ჯი.ენ. კომპანი“ რომლებიც თხილს წარუდგენენ ფართო საზოგადოებას, შპს „კულა“ რომელიც სხვადასხვა სახლის წვენს, მურაბას, კომპოტს და საწებელს აწარმოებს, შპს „ბარამბო“, რომელიც ტკბილეულის წარმოებით არის დაკავებული, შპს „არგო“ და შპს „ზედაზენი“ ლიმონათებით წარდგებიან, შპს „არომაპროდუქტი“, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე წვენების და საწებლის წარმოების ინდუსტრიაში იმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს და შპს „დუგლაძის ღვინის მარანი“, შპს „ვაზისუბნის მამული“ და „გილენი“, რომლებიც ქართული ტრადიციული ღვინით წარდგებიან”, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.