LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ჰქვია: „ვაი, დედა, მე რამე არ მომივიდეს“ – ენის მოჩლექვით საუბარი ვერ დაგვიცავს იმისაგან, რომ ცხინვალის რეგიონში ყირიმი არ მივიღოთ: ზვიად ძიძიგური

323
ზვიად ძიძიგური

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ჰქვია: „ვაი, დედა, მე რამე არ მომივიდეს“. როგორც ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განმარტა, მმართველი გუნდი საკუთარ ხელისუფლებას უფრთხილდება.

მისივე თქმით, რუსეთთან „ენის მოჩლექვით საუბარი ვერ დაგვიცავს იმისაგან, რომ ცხინვალის რეგიონში ყირიმი არ მივიღოთ“, რადგან თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, დასჭირდება რაღაც ტიპის გამარჯვება, რომელიც “საკუთარ მოსახლეობაში უნდა გაყიდოს და შესაძლოა, ეს გამარჯვება იყოს ცხინვალის ყირიმიზაცია”.

,,პრაგმატული პოლიტიკა დღეს იქნებოდა დავმდგარიყავით იქ, სადაც დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. ვნახეთ, რომ ბიბილოვმა შესაძლო რეფერენდუმის შესახებ გამოაცხადა. რეფერენდუმი რომ ჩაატარონ და რაც ყირიმში მოხდა, იმავე გააკეთოს რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში, გგონიათ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი დაგვიცავს იმისაგან, რომ ყირიმი არ მივიღოთ ცხინვალის რეგიონში? თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მას დასჭირდება რაღაც ტიპის გამარჯვება, რომელიც უნდა გაყიდოს თავის მოსახლეობაში პუტინმა, ეს შეიძლება იყოს ცხინვალის ყირიმიზაცია. ისეთი მასშტაბური გამარჯვება არ იქნება, როგორსაც უკრაინაში გეგმავდა, მაგრამ ამას დასჯერდება. ასეთ დროს, საქართველო დარჩება რუსეთის პირისპირ. ამიტომ, პრაგმატული ის არის, რომ იდგე იქ, სადაც დანარჩენი ცივილიზებული სამყარო დგას.

მთავრობის პოზიცია და რიტორიკა არ ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო ინტერესს. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდება ხელისუფლებას უკრაინასთან და რუსეთთან დამოკიდებულების მიმართულებით უკეთესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან რიტორიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში უფრო რბილი იყო, ბორდერიზაციის პროცესი ჩატარდა, რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებენ თუ რა? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქართველო უხერხემლო პოლიტიკით დავტოვოთ რუსეთის პირისპირ მარტო. ამის წინაშე დადგომა არის სახელმწიფოს დაღუპვა და მისი ინტერესების ღალატი, ამიტომ მთავრობა არ იყო ადეკვატური არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები