LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” ადვოკატებად არ გამოვდგებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, 5 წუთში გავჩნდებით ნებისმიერ ლოკაციაზე – გამართავს თუ არა პრორუსული ჯგუფი 20 ივნისს კონტრაქციას

155
ing

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, “ალტ ინფოს” ლიდერი “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ 20 ივნისს დაანონსებული აქციის პარალელურად კონტრაქციას არ გეგმავს.

როგორც კოკა მორგოშია აცხადებს, პარტია სხვადასხვა ოფისში მზად არის და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შენობებზე შტურმი, ან პოლიციელებზე თავდასხმა განხორციელდება – გამოვლენ:

“პარალელურად არაფერს არ ვაპირებთ, ჩვენ ზოგადად მობილიზება და ყოველდღიურად შეხვედრები გვაქვს 2 ივლისთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ვიცით, 2 ივლისამდე ორი პროვოკაციაა დაგეგმილი – ეს არის 20 ივნისს და 24 ივნისს, ერთი არის მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებული, მეორე, თუ არ ვცდები, “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული.

ჩვენ კონტრაქციას არ ვგეგმავთ, რადგან პროვოკაცია არ დაიგეგმოს ან რამე უარესი, მაგრამ თუ წინა 20 ივნისის მსგავსი სურათი დადგება, სადაც ვნახავთ, რომ სახელმწიფო შენობებს, პოლიციას უტევენ, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.

2 ივლისს იგეგმება გეი-ფესტივალი, მაგას ისინი ეძახიან ღირსების ფესტივალს… არ ჩატარდება ეგ ფესტივალი, არც ერთ შემთხვევაში.

2 ივლისს, პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ გვექნება დიდი შეკრება, სადაც აქცია იქნება იმხელა, რომ ეგენი ფესტივალს ვერ ჩაატარებენ.

20 ივნისს კი პარლამენტთან შორიახლოს არ გვჭირდება ყოფნა, თბილისი პატარაა, საჭიროების შემთხვევაში, 5 წუთში გავჩნდებით ნებისმიერ ლოკაციაზე. ახლა, თვალით დანახულ ლოკაციაზე არ ვიქნებით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეიძლება მერე რამე პროვოკაცია დაგვაბრალონ, ისედაც ყველაფერს გვაბრალებენ”, – ამბობს მორგოშია.

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში გადაწყვეტენ ისინი აქციის პარალელურად გამოსვლას, მორგოშია აცხადებს:

თუ იქნება 2019 წლის 20 ივნისის მსგავსი რაღაც სურათი – სახელმწიფო შენობების შტურმი, პოლიციელებზე თავდასხმა. პოლიციელებზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა.

ჩვენ არ გამოვდგებით “ქართული ოცნების” ადვოკატებად, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დაცვას, თუ საჭიროება მოითხოვს – და დარწმუნებული ვარ ძალოვანი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან,მაგრამ ვინიცობაა რამე მოხდა – ვერავინ დაგვიშლის ჩვენი ინტერესების დაცვას.

ეს ხალხი სამივე აქციას გეგმავს იმ მიზნით, რომ რაღაც პროვოკაცია დაგეგმონ და ქვეყანა ჩაითრიონ ომში.

მზად ვართ, სხვადასხვა ოფისში ვართ მზად და ამით არაფერ კანონს არ ვარღვევთ”, – განუცხადა მორგოშიამ “ფორტუნას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები