LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

144
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.

„საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ.

ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა.

თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ.

პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არა აქვს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არმიღების ლოგიკური პირობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პრაქტიკული უზრუნველყოფა იყო, რაც, სამწუხაროდ, საელჩოებთან და დონორებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგაც ვერ იქნა მიღწეული. მეტიც, ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერა წინა 3 წელიწადთან შედარებით შესუსტებულია, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია.

სამწუხაროდ, დონორები კვლავაც უარს ამბობენ, ქართველ ხალხს გაუმჟღავნონ, თუ ვის და რისთვის აფინანსებენ საქართველოში. სადაც დონორები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.

სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ.

შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას.

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.