“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს “ნაციონალურ მოძრაობაში” აფასებენ.
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” იშლება და მოვლენების ასე განვითარებაც შიდა ბრძოლის შედეგია.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” და მისი მმართველობა უსუსურია, არ შეუძლია არც სპეცოპერაციის დაგეგმვა და არც ეკონომიკის განვითარება და რომ გახარიას ჩაფლავებული საქმეებით, პარტიის წევრებმა საკუთარი უსუსურობის ლუსტრაცია მოახდინეს:
“აღიარებენ, რომ “ქართული ოცნება” და მისი მმართველობა არის უსუსური, რომელსაც არ შეუძლია არაფრის დაგეგმვა, არც სპეცოპერაციის და არც ეკონომიკის განვითარება. თურმე, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ყოფილა აბსოლუტურად არაეფექტიანი და ქმედუუნარო, ცუდი ყოფილა. თუ პრემიერი და სიის პირველი ნომერი ცუდია, “ქართული ოცნება” და მისი ლიდერები კარგად როგორ გამოდიან? ვერ ხვდებიან, რომ იმ ტოტს ჭრიან და უკვე მოჭრეს, რომელზეც სხედან?
თავიანთი უსუსურობის ლუსტრაცია მოახდინეს გახარიას ჩაფლავებული საქმეებით. ამას მეორე მხარეც აქვს. ვინაიდან, გახარიამ ცოტა ურჩობა გაბედა და ივანიშვილის მიზიდულობის არეალიდან გამოვიდა – დროებით თუ სამუდამოდ, ამას დრო გვაჩვენებს – მასზე თავდასხმები მიდის.
“ქართული ოცნება” ყოველწლიურად იშლება, სხდომათა დარბაზში გვახსოვს, სად სხედან, მერე მათი დიდი უმრავლესობა იმ ადგილას გადმოდის, სადაც ჩვენ ვსხედვართ. პირველი დესანტი გადმოჯდა, ახლა უკვე ოპოზიციის ადგილებშიც ადგილი აღარ არის და “ქართული ოცნების” რიგებში აიჭრებიან და უმრავლესობის ფლანგში გაჩნდება სხვადასხვა კუნძული. “ქართული ოცნება” იშლება, ეს არის შიდა ბრძოლის შედეგი.” – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ყოფილი თანაპარტიელის, გიორგი გახარიას შესახებ გუშინ ისაუბრა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ 20 ივნისის დაშლის ოპერაცია გახარიას მხრიდან აბსოლუტურად გაუგებრად იყო დაგეგმილი და ამან, საბოლოო ჯამში, მძიმე შედეგები გამოიწვია. კობახიძის თქმით, 19-20 ივნისს ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის დაშლის ოპერაციასთან დაკავშირებით აქვს კითხვები, რომელზე პასუხი არ არსებობს. მისივე განცხადხებით, 20 ივნისს გიორგი გახარია გადაწყვეტილებებს თავად იღებდა და ოპერაციის დაგეგმვაზეც თავად არის პასუხისმგებელი.