LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” აგონიაშია, ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების, შესაბამისად, მათ პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყეს: ალექსანდრე მოწერელია

65
ალექსანდრე მოწერელია

“ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა და რეპრესიები დაიწყო,” – ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

ამ განცხადებით მოწერელია გორსა და ხაშურში მერის მოადგილეების მხრიდან თანამდებობების დატოვების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველი გუნდი აგონიაშია და ახალი პარტიის ჩამოყალიბების ეშინია.

“დღეს თითოეული ჩვენგანი მოწმე გახდა იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, ამას არ მალავენ. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან.” მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკსაც, რომელიც აიძულეს, სამსახურიდან წასულიყო.

ეს ყველაფერი  მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე პარტია “ქართული ოცნებისა” და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით ხორციელდება. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით. ამ გადაწყვეტილებებით “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” ემსგავსება და, რა თქმა უნდა, ეს მათ სიკეთეს ვერ მოუტანს. ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი განუცხადა. ამდენად, მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას,” ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს ევროკავშირში ნამდვილად ვერ მიგვიყვანს,” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისი თქმით, ეს საჯარო მოხელეები დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ,  იყვნენ გუნდნის თანამოაზრეები. თანამოაზრეობის გულისთვის კი, მოწერელიას სიტყვებით, ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია.

“თუ ამ ადამიანებს ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა, შეუძლიათ წარმოადგინონ. მათთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აგონიაშია. ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების, შესაბამისად, მათ პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყეს,” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობების დატოვებაზე განცხადება გააკეთა. ისინი გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.

სამსახურში გახარიას გუნდის აგიტაციას ეწეოდნენ, ორივე თანამდებობიდან გავათავისუფლე: გორის მერმა მოადგილეები მოხსნა

თანამდებობა დატოვა ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ. ზურაბ როსებაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მას გუშინ შეხვდა და სთხოვა, რომ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაეწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები