ქართული კულინარიის უდიდესი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე – რესტორანი „ბარბარესთან“ მსოფლიოს 50 საუკეთესო აღმოჩენათა შორის მოხვდა. როგორც ვებგვერდი The World’s 50 Best Restaurants იუწყება, ეს ტრადიციული საოჯახო რესტორანია, სადაც კერძებს, მე-19 საუკუნის ლეგენდარული ქართველი მწერლისა და კულინარის ბარბარე ჯორჯაძის ორიგინალური რეცეპტებით ამზადებენ.
მსოფლიოს საუკეთესო 50 რესტორანში მოხვედრის ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან თავად რესტორან „ბარბარესთან“ მენეჯმენტშიც. ისინი წერენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
„კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ მსოფლიო საზოგადოება, რომ ჩვენი სამზარეულო ნამდვილად იმსახურებს ადგილს საუკეთესოთა შორის და ვაჩვენეთ, თუ რა ძალა აქვს მას. დავარწმუნეთ, რომ ჩვენც ისევე შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ ისეთივე დიდი ენთუზიაზმით მოვამზადოთ უგემრიელესი კერძები, რომ ისეთივე დიდი გასტრონომიული კულტურა და ისტორია გააჩნია ჩვენს ქვეყანას, როგორც სხვა გამორჩეულ უცხო ქვეყნებსა და რესტორნებს. დღეიდან ქართულ სამზარეულოსა და ჩვენს რესტორანს მსოფლიოს 50 საუკეთესო აღმოჩენათა შორის ვიხილავთ. გილოცავთ ქართული გასტრონომიის წარმატებას! და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. აქვე, განსაკუთრებული მადლობა William Reed Business Media-ს სტუმრობისა და შეფასებისთვის“, – ამბობენ რესტორანში „ბარბარესთან“.
რესტორან „ბარბარესთან“ შესახებ:
რესტორანი „ბარბარესთან“ მეცხრამეტე საუკუნის მწერლის, ბარბარე ერისთავი- ჯორჯაძის 1914 წელს გამოცემული წიგნის-„სრული სამზარეულოს“სრულიად ახლებურად გააზრების მშვენიერი შედეგია.
თავისი ეპოქის უმნიშვნელოვანესი ფიგურა- მწერალი, ფემინისტი, პოეტი – 21-ე საუკუნის თბილისში გმასპინძლობთ და თავის შესანიშნავ სამზარეულოს გთავაზობთ, რომელიც, ისევე, როგორც თავად თბილისი, ევროპისა და აზიის გემოებსა და ფერებს აერთიანებს. სტუმრებს აქ მყუდრო გარემო, ქართულ ჰანგები, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული კერძები, ღვინის მრავალფეროვნება და ხარისხიან მომსახურება დახვდება. „ბარბარესთან“ მასპინძელია ქურასბედიანების 11 შვილიანი ოჯახი, ოჯახის წევრები, ბრენდშეფი და რესტორატორების ჯგუფი ,,გასტრონავტი’’ (Gastronaut)
შედიხარ მყუდრო, გემოვნებიან სივრცეში, სადაც მეცხრამეტე საუკუნის ატმოსფერო შავ-თეთრი ფოტოებით, ვინტაჟური ავეჯით, ულამაზესი ინტერიერით, გულდასმით მოფიქრებული დეტალებით გახსენებთ თავს და გასტრონომიულ მოგზაურობაში გიწვევთ.