საქართველოში აწყობილი კოტეჯები ევროპაში გაიყიდება. შენობა ინოვაციური, კონსტრუქციული სენდვიჩ პანელით აიგება და მისი ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება.
როგორც ”ფორტუნას” კონსტრუქციული სენდვიჩ პანელის გამომგონებელმა და ბიზნეს-იდეის ავტორმა, ვახტანგ დვალიშვილმა განუცხადა, მოლაპარაკებები ევროპულ მხარესთან უკვე მიმდინარეობს. ”მოგეხსენებათ, ევროპაში ლტოლვილების დიდი რაოდენობაა. სწორედ მათთვის იგეგმება ამ კოტეჯების შეძენა. თითო კოტეჯი დაახლოებით 25 კვადრატული მეტი ფართობის იქნება”, – აღნიშნა დვალიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კონსტრუქციული სენდვიჩ პანელების წარმოება 20 სექტემბრიდან დაიწყება. საწარმო თბილისში, საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა.
”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში გამარჯვებისთვის მოპოვებული გრანტით უკვე შევიძინე მანქანა-დანადგარები და მასალა, რომელიც უკვე გზაშია და ჩინეთიდან მალე ჩამოვა. საწარმოს მოწყობის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და მიმდინარე თვის ბოლოს წარმოება უკვე უნდა დავიწყოთ”, – განმარტა ბიზნეს-იდეის ავტორმა და აღნიშნა, რომ კონსტრუქციულ სენდვიჩ პანელებს არა მარტო საქართველოშო, ანალოგი სხვა ქვეყნებშიც არ აქვს. ჩვეულებრივი სენდვიჩ პანელისგან განსხვავებით, რომელსაც კარკასზე ამაგრებენ და შენობას ისე აწყობენ, ამ სენდვიჩ პანელს არანაირი კარკასი და დამატებითი კონსტრუქციული სამუშაოები არ სჭირდება. ამასთან, გამოირჩება სიმყარით.
როგორც ვახტანგ დვალიშვილმა განმარტა, საწყის ეტაპზე კონსტრუქციული სენდვიჩ პანელებით აგებული კოტეჯების გუდაურში ჩადგმას და ტურისტული სეზონისთვის მათ გაქირავებას გეგმავს . ამასთან, იმუშავებს დაკვეთებზეც. წარმოების გაზრდის შემდეგ კი, კონსტრუქციული სენდვიჩ პანელები, მასალის სახით, სრულიად საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.