სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ექვსი ქართული კომპანია ცხოველის კომბინირებული საკვებისა და ვეტერინარიის საერთაშორისო გამოფენაში VIV MEA 2023-ში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარეობს.
დამთვალიერებელი საქართველოს პავილიონში ეცნობა როგორც ცხოველის კომბინირებულ საკვებსა და საკვებ დანამატებს, ასევე ვეტერინარულ პროდუქტებს.
გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიები, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის OCO Global ჩართულობით, პოტენციურ პარტნიორებთან B2B შეხვედრებს მართავენ.
ექსპორტიორი კომპანიებისთვის უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების და პროდუქციის რეალიზაციის პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
VIV MEA სექტორის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც საშუალოდ 40 000 ვიზიტორი ჰყავს. მასზე საკუთარ პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა 1000-მდე კომპანიას ეძლევა. საერთაშორისო გამოფენა მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაამყარონ ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან და გაზარდონ საკუთარი კომპანიის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით.