ჯართისა და ალუმინის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო „ლეგომეტალი“ საკუთარი ნაწარმით მსოფლიოს ცნობილ ბრენდს, ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას “ტოიოტა“ ამარაგებს.
კომპანია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით ერთი წლის წინ დაარსებული საწარმოა, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.
„ლეგომეტალი“ 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და ძირითად სამიზნე ბაზრებს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია. „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შექმნა ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც შეისყიდის ადგილობრივ ბაზარზე ფერადი ლითონის ჯართს, ალუმინის ჯართის სახით და საწარმოო პროცესის შედეგად, ბაზარს აწვდის მაღალხარისხიან პროდუქტს, ალუმინის ზოდების ან დე-ოქსიდანტის სახით. საწარმო, სადაც ამჟამად 40 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ სპილენძისა და ლატუნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნასაც გეგმავს.
შპს „ლეგომეტალი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანია პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,480,000 აშშ დოლარს შეადგენს.