„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გახსნილი ახალი საწარმო აზერბაიჯანში ხორცის ნახევარფაბრიკატების ექსპორტს განახორციელებს. შპს G & A GROUP-მა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება შეძლო.
აქამდე კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის მართვა და გაყინული ხორცპროდუქტების, ასევე თევზის იმპორტი წარმოადგენდა, ხოლო სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, G & A GROUP-მა ნახევარფაბრიკატებისა და თევზეულის წარმოებაც დაიწყო.
საწარმო, სადაც ამჟამად 75 ადამიანია დასაქმებული, ყოველთვიურად 15-20 ტონა ნახევარფაბრიკატსა და თევზს აწარმოებს, ხოლო სულ რაღაც 6 თვეში კომპანია წარმოების ზრდას გეგმავს, კერძოდ, თვეში პროდუქციის წარმადობა 100 ტონამდე გაიზრდება. ამასთან, G & A GROUP -ის ხორცის ნახევარფაბრიკატები ექსპორტზე აზერბაიჯანში გავა.
ცნობისთვის, შპს „G & A GROUP“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3,900,000 ლარს შეადგენს.