ხილფაფების მწარმოებელი ქართული ქარხანა იტალიური დანადგარებით აღიჭურვება. შპს „ქართული ხილის კომპანია“ ხილფაფების წარმოებას იწყებს, ამ ეტაპზე კი საწარმოს მოწყობის პროცედურები მიმდინარეობს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ქარხანა გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში შენდება და აქ თავდაპირველად 20-ამდე კადრის დასაქმება იგეგმება.
”უკვე გადავრიცხეთ თანხა და ველოდებით უახლესი მანქანა-დანადგარების ჩამოსვლას იტალიიდან. ამდროისთვის კი დაწყებული გვაქვს ინფრასტრუქტურული სამუშაოები: გაგვყავს გაზი და კეთილმოწყობის სხვა სამუშაოებსაც ვატარებთ”, – განაცხადეს „ქართული ხილის კომპანიაში”.
მათივე ცნობით, საწარმოს მოწყობის შემდეგ, იგეგმება იტალიელი სპეციალისტების ჩამოსვლა, რომლებიც ქარხანაში დასაქმებულებს გადაამზადებენ და ტრენინგებს ჩაუტარებენ.
”რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის ბაზარზე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდება და ძირითადად, საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. ჩვენი კომპანია წლებია ექსპორტზე მუშაობს, შესაბამისად, ხილფაფებიც უცხოეთში გავა. თუმცა, მცირე რაოდენობით პროდუქტს ქართულ ბაზარსაც მივაწვდით”, – აღნიშნეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, უკვე არსებობს სერიოზული დაინტერესება რუსული მხარისგან. ამასთან, ხარისხობრივად ისეთი პროექტი გაკეთდება, რომელიც ევროპის ბაზრისთვისაც მისაღები იქნება.
როგორც „ქართული ხილის კომპანიაში” განმარტეს, ხილფაფები კენკროვანი ხილისგან დამზადდება და უმაღლესი ხარისხის იქნება.
პროექტში კომპანია თავდაპირველად 300 ათასი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა, თუმცა სამუშაო პროცესში გამოჩნდა, რომ ეს თანხა საკმარისი არ იქნება და გაიზრდება.
ცნობისთვის, შპს „ქართული ხილის კომპანია“ სამაცივრე მეურნეობას გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ფლობს. კომპანია ბაზარზე 2013 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე მუშაობს.