ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკი დამატებით, 3.5 მილიონი ევროთი დააფინანსებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის (N1 და N5) რეაბილიტაცია, ასევე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავზე და ვარდნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელება.
პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირის მიერ (NIF-ის მეშვეობით), ასევე გამოიყო გრანტი 5 მილიონი ევროს ოდენობით.