LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში კონტრაქტებს აფორმებენ

41

ქართული ღვინის მწარმოებლები ჩინეთში ახალ კონტრაქტებს აფორმებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაზე – The 96th China Food & Drinks Fair, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამთა ყველაიძის განცხადებით, გამოფენის პირველ დღეს, გამოფენის არსებობის მანძილზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა – 250 ათასი ადამიანი დაფიქსირდა.
„გამოფენაზე ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს როგორც უკვე არსებულ პარტნიორებთან, ასევე პოტენციურ იმპორტიორებთან. გამოფენის მიმდინარეობის დროს ახალი საპარტნიორო ხელშეკრულებები გაფორმდა. აღნიშნული გამოფენა 1955 წლიდან ტარდება და ჩინეთში უმნიშვნელოვანეს გამოფენად არის მიჩნეული. გამოფენა საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ქართული ღვინო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს“, – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მიმდინარე წლის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: შპს „ქინძმარაული“, „ბესინი“, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, “თელიანი ველი”, „ქართული ღვინის სახლი“, „ტყუპების ღვინის სახლი“, „შატო მუხრანი“, „შალვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „ტიფლისკი ვინნი პოგრები“, „ვაზიანი კომპანი“, „კახური“, „მარანული“, „სარაჯიშვილი“, „შილდა“, „ბატონო“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაინმენი“, „შუხმანის ღვინოები“, „თიგიშვილის ღვინის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გურემანი“, „მილდიანი“, „კახური ღვინის მარანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და GWS.

სამინისტროს განცხადებით, ჩენგდუს გამოფენა თავისი ფორმატით განსხვავებულია და ორ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი ტარდება სასტუმროს რესტორანში, რომელსაც მხოლოდ კომერციული პირები ესწრებიან: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები, ხოლო მეორე ეტაპი – უკვე საგამოფენო სივრცეში მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 832 552 ბოთლი ღვინო, რაც 280%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები