LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ცხვრის ექსპორტს პრობლემები შეექმნა

422

ქართული ცხვრის ექსპორტს პრობლემები აქვს, – ამის შესახებ ”ფორტუნას”  მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა განუცხადა. ამის მიზეზი რამდენიმეა, პირველი კი ის, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ საქართველოდან ცხვრის ექსპორტი შეაჩერა.

ბექა გონაშვილის თქმით, ინვესტორების მხრიდან ქართული ცხვრით დაინტერესება მკვეთრად დაეცა. მაგალითად, შარშან სექტემბრიდან საქართველოდან ცხვრის ექსპორტი შეაჩერა იორდანიამ. წელს ცხვარი იმპორტზე ჯერ არც კუვეიტში გასულა.

”სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ამ პერიოდისთვის ქართული ცხვრის სულადობის, 90% გაყიდული იყო ხოლმე, წელს კი გაყიდულია მხოლოდ 35 ათასი სული ცხვარი,” – გაუცხადა ”ფორტუნას” გონაშვილმა.

ფერმერი ამის მიზეზად ქართულის სახელით რუსეთიდან და სომხეთიდან ექსპორტირებულ ცხვარს  და საფასო პოლიტიკას ასახელებს.

”ცხვრის შესყიდვაზე მონოპოლია აქვს ორ კომპანიას, რომელიც ცხვარს იბარებს. ამბობენ, 150 ლარზე მეტს არ გადავიხდითო და თან მოთხოვნები აქვთ, რომ ცხვარი 35 კილოგრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს ის ჯგუფებია, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში სომხური და რუსული ცხვრის იმპორტს ახდენდნენ, ახორციელებდნენ რეექსპორტს და ქართულ ცხვრად ასაღებდნენ. იორდანიამ შარშან ჩაგვკეტა ამ თაღლითობების გამო. იქ ქართული ცხვარი აღარ შედის. ამ უკონტროლო შემოყვანის გამო, მივიღეთ ახალი დაავადებები ქვეყანაში. ეს იმ ქვეყნებშიც დაფიქსირდა – რომ საქართველოში არის ეს დაავადება და უკვე თავს არიდებენ საქართველოდან იმპორტს, რაც, რა თქმა უნდა, ტვირთად გვაწვება ფერმერებს,” – ამბობს გონაშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ცხვრის ვაქცინაციას ატარებს, თუმცა, ეს პრობლემას არ აგვარებს. პრობლემა კი ლაბორატორიაა – ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირება, რასაც ექსპორტიორები ითხოვენ ძვირი ჯდება. მათ შორის, გამოკვლევა „თურქულზე“. ერთი ცხვრიდან აღებული სინჯის ლაბორატორიული შემოწმება 26 ლარი ჯდება, რაც საბოლოო ჯამში ცხვრის თვითღირებულებას აძვირებს.

”თუ მაგალითად, 2 ათას ცხვარს ვყიდით, 2 ათასი სინჯი უნდა ავიღოთ, რის შედეგადაც ცხვრის გაყიდვა 10 დოლარით გვიძვირდება და შემსყიდველებს კონკურენტუნარიან ფასს ვერ ვთავაზობთ” – ამბობს გონაშვილი.

ამასთან, ისევ პრობლემად რჩება მიწის მაღალი გადასახდი და გადასარეკი ტრასების მოწყობა.

”მიწის გადასახდის შემცირებაზე ძალიან დიდი ხანია ლაპარაკობენ. მე მაინტერესებს კონკრეტული შედეგები. ჩვენთვის არავის დაუძახია და აზრიც არავის უკითხავს. არაფერი გაკეთებულა გადასარეკი ტრასების მოწყობის კუთხთ. ერთადერთი რაც გაკეთდა, ეს არის ბიოუსაფრთხოების წერტილები. მაგრამ ეგეც არ იყო საჭირო, ცხვარი ყოველთვის განბანილი გადაგვყავს. ანუ ამის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, ჩვენთვის ყველაზე მთავრია, რომ თვითონ ტრასა იყოს ორგანიზებული, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ” – აღნიშნა გონაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ცხვრის ექსპორტს პრობლემები არ აქვს, ამ დროისთვის ბაჰრეინში 4 000 სული ქართული ცხავრი გადის, წლევანდელი საექსპორტო პოტენციალი კი ჯამში 300 ათას სულამდე ცხვარია.

”ყველა მოლაპარაკებას, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებთან, ის უმაგრებს ზურგს, რომ ქვეყანაში ხორციელდება ყველა ის ვეტერინარული ღონისძიება, რომელიც გვაძლევს უფლებას, ცხვარი ქვეყნის გარეთ გავიდეს. მათ შორის უფასო ვაქცინაცია, ეს კი დაახლოებით 11 მლნ ლარი უჯდება სახელმწიფოს” – განუცხადა ”ფორტუნას” ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიშა სოხაძემ.

მისივე თქმით, საექსპორტო სეზონი სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში გააქტიურდება. ამ დროისთვის ცხვარი გადის საუდის არაბეთში, ირანთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ცხვრის ხორცის ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს თურქეთთანაც. რაც შეეხება ეგვიპტეს, სოხაძის განმარტებით, ეგვიპტეში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უკვე გავიდა და სავარაუდოდ, სექტემბერში ცხვარიც გავა.

”რაც შეეხება მიწის გადასახადს, გადასარეკ ტრასებს და იმ პრობლემებს, რაც ფერმერებს დაუგროვდათ, ეს საკითხები, როგორც ვიცი, მუშავდება. დაბეგვრის საკითხზე ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა სამინისტროში, აქედან ეს საკითხი გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში. ის, რომ პრობლემა პრობლემად რჩება და მასზე დღეს არავინ არ ფიქრობს, ასე ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს,” – ამბობს ქვეყნის მთავარი ვეტერინარი.

სტატისტიკის ერვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს სულ ექსპორტზე 19 677,7 სული ცხვარი გავიდა. ეს მაჩვენებელი 2014 წელს 21 039,6 იყო. წელს მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 1 670,5 ცოცხალი ცხვარია გასული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები