LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ჩიფსი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაიყიდება

1448

ქართული ჩიფსი Frixx- ი ექსპორტზე მეზობელ სახელმწიფოებში – აზერბაიჯანსა და სომხეთში გავა.

როგორც  ”ფორტუნას” Frixx-ის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ გაბათაშვილმა განუცხადა, მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანასთან უკვე დაწყებულია და პროდუქტის ექსპორტზე გატანა 2016 წლიდან იგეგმება.

მარიამ გაბათაშვილის ინფორმაციით, Frixx-ის დისტრიბუცია ამ ეტაპზე თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ხდება. ქართული ჩიფსები დიდ სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, ასევე მინი-ბარებსა და კაფეებში იყიდება.

”გვაქვს საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასები. ჩვენი პროდუქციის ფასი იწყება 50 თეთრიდან და მაქსიმალური ფასი 1,50 ლარია,” – აღნიშნა გაბათაშვილმა.

მისი თქმით,  ჩიფსი ევროპელი სპეციალისტების მიერ, დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით იწარმოება, თუმცა ნედლეული ქართულია.

”გვაქვს ჩვენი კარტოფილის მინდვრები დმანისსა და ბოლნისში, სადაც იქ მოყვანილ კარტოფილს ვიყენებთ ჩიფსების დასამზადებლად”,- აღნიშნა Frixx -ის მარკეტინგის მენეჯერმა.

ჩიფსის 3 სახეობის გარდა, კომპანია  ორი სახეობის პოპკორნსაც აწარმოებს, სამომავლოდ კი, ჩიფსის კიდევ ერთი ახალი გემოს დამატება იგეგმება.

FRIXX-ი კომპანია Wellington-ის ბრენდია. მისი წარმოება 2015 წლის აპრილში დაიწყო. საწარმო ლილოს სამრეწველო ზონაში მდებარეობს და მასში 25 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები