LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ სასტუმროებში ადგილობრივი პროდუქცია შევა? – ინიციატივა სამინისტროს ეკუთვნის

73

საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმროში „ჰუალინგი“ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებმა და აგრარული პროდუქციის მწარმოებლებმა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებმა მიიღეს.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

მინისტრმა ყურადღება ძირითადად,  საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის პოტენციალზე გაამახვილა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრა სასტუმროების წარმომადგენლებსა და მეწარმეებს საშუალებას მისცემს გაცვალონ ინფორმაცია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ, რაც საქართველოში წარმოებული აგრარული პროდუქციის სასტუმროებისთვის მიწოდებას გულისხმობს.

შეხვედრის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც  სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმოების, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული ქართული აგროსასურსათო პროდუქცია – თაფლი და თაფლის პროდუქტები, ჩაი, ჩირი, რძის პროდუქტები, თევზი, ღვინო, ჩურჩხელა, მურაბები, თხილი და სხვა – იყო წარმოდგენილი.

„ქართულია და კარგია“ ხელისუფლების გზავნილია ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და ქართული წარმოების მხარდაჭერას და, შედეგად, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

დღისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1500 -ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

გარდა სასოფლო-სამეურნეო  კოოპერაცის ხელშეწყობისა, 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო.

სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლებსა და აგრარაული პროდუქციის მწარმოებლებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს  დირექტორი მარიანა მორგოშია, ასევე, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები