ქართულ პროდუქტს კორეის რესპუბლიკის სახით დამატებით კიდევ ერთი დიდი და მაღალმსყიდველუნარიანი საექსპორტო ბაზარი ეხსნება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე წერს.
„ერთი კარგი სიახლე მინდა გაგიზიაროთ. ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დამატებით კიდევ ერთი დიდი და მაღალმსყიდველუნარიანი საექსპორტო ბაზარი, კორეის რესპუბლიკა, რომელთანაც სულ რაღაც წინა კვირას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევის პროცესი დავიწყეთ; ჩვენს კორეელ კოლეგებთან ერთად უკვე შევქმენით სამუშაო ჯგუფები და გავწერეთ სამოქმედო გეგმა. კვლევა 2021 წლის ივლისში დასრულდება;
კორეის რესპუბლიკას პროდუქციის 85%-ზე დაწესებული აქვს იმპორტის საკმაოდ მაღალი ტარიფები, ამდენად, ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის; თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებისა და იმპორტის ტარიფების ლიბერალიზაციის შედეგად, ქართულ საექსპორტო პროდუქციას დამატებით გაეხსნება 52 მილიონიანი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე სამომხმარებლო ბაზარი“, – წერს არველაძე.
მისივე ინფორმაციით, კორეა ახორციელებს ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც საქართველოში კარგად არის განვითარებული და ქვეყნის ძირითად საექსპორტო პოზიციებს წარმოადგენს.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან გამოვყოფდი: თხილს, ხილის ჩირს, ჩაის, მშრალ სანელებლებს, ხილის ჯემებს, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს და წვენებს, მინერალურ წყალს, ღვინოს, ლუდს და სხვ. რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციას, კორეის ბაზარზე შესაძლებელია განვახორციელოთ ისეთი სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა: ფეროშენადნობი, მინის პროდუქცია და კონტეინერები, ელექტრო კაბელები და ა.შ.; გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ტრანსპორტის, საპორტო ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კვლევის შედეგები არ არის ცნობილი, დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს!“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.