„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მმართველ ძალასთან ოპოზიციის მოლაპარაკების აუცილებლობა კვლავ დღის წესრიგში დგას. მისივე თქმით, “ლელოს” აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია სხვა კოლეგა პარტიებთან აქვს.
“პრინციპში, შეთანხმებულები ვართ, რომ თუ მედიაცია გაგრძელდება და იმედი გვაქვს, ევროკავშირის მედიაცია გაგრძელდება, აუცილებლად ჩავერთვებით მოლაპარაკებების პროცესში,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ და დასძინა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, შეთანხმების მიღწევა აუცილებელია.
ჩიხლაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მედიაციის ფარგლებში განიხილავს, ხოლო მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ საუბარს პარტია ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, ჩიხლაძე ამბობს, რომ 15 მაისისთვის დაანონსებულია დიდი აქცია. მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი უფრო მჭიდრო ურთიერთობა ამომრჩეველთან იქნება.
„აქციები სხვადასხვა დონეზე, როგორც რეგიონში ასევე ქალაქში იქნება, უბრალოდ 15 მაისისთვის დაანონსებულია შემკვრელი დიდი აქცია. მანამდე, გარკვეული აქტივობები, აქციებიც და სხვადახვა ღონისძიება რა თქმა უნდა, იქნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. პარალელურად, მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
ასევე, ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან. დავიწყებთ საუბარს მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლით, კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლით, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად გაშვების შემდეგ, რას ვთავაზობთ, რა გეგმები გვაქვს და როგორ კოორდინაციაში ვიქნებით ერთმანეთთან“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.