2021 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4,550 ტონა), რუსეთში (3,574 ტონა), უკრაინაში (2,262 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).
უწყება მანდარინის ექსპორტზეც აქვეყნებს მონაცემებს. უფრო კონკრეტულად კი, 1-ელი სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 15.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 73%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 74%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა: რუსეთში (9,797 ტონა), სომხეთში (3,089 ტონა), უკრაინაში (1,451 ტონა), მოლდოვაში (241 ტონა), სლოვენიაში (91 ტონა), ყაზახეთში (102 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსსა (40 ტონა) და სხვა ქვეყნებში (76 ტონა).