სიახლე საბუღალტრო და ფინანსურ მომსახურებაში – ქართულ ბაზარზე ვებაპლიკაცია, სახელწოდებით „კერნელი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს უმოკლეს დროში აძლევს საშუალებას, შექმნას ინვოისი, გამოითვალოს დ.ღ.გ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი, ცვეთა და სხვა საჭირო მონაცემები.
„კერნელის“ ამჟამინდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე „ფორტუნა“ კომპანიის თანადამფუძნებელსა და კომუნიკაციების მენეჯერს მიშო ზღულაძეს ესაუბრა.
-როდის გამოჩნდა ბაზარზე „კერნელი“ და რას მოიცავს მისი საქმიანობა?
კერნელი – ეს არის მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა. კერნელის მარტივი ფინანსური ხელსაწყოების მიზანი მცირე ბიზნესმენების ცხოვრების გამარტივებაა. ანტრეპრენერობა თავად გამოგვიცდია და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ამავდროულად, დიდი თავისტკივილია ფინანსების მენეჯმენტი და ანალიზი. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვეგვარებინა კერნელის შექმნით. ჩვენი მარტივი ფინანსური ხელსაწყოები ყველასთვის ხელმისაწვდომია და არ საჭიროებს ფინანსურ განათლებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ფინანსების მართვის ახალ გზას ვქმნით. ჩვენი ფუნქციონალი მოიცავს:
მარტივი ინვოისირების აპლიკაცია – სულ რაღაც ერთ წუთში შეგიძლიათ შექმნათ და გააგზავნოთ ინვოისი. აქამდე თუ Excel-ში უნდა გეწვალათ, ახალ უკვე პროფესიონალური ინვოისის გამოწერა ერთ წუთში შეგიძლიათ და პირდაპირ სისტემიდან შეგიძლიათ კლიენტს გაუგზავნოთ.
მარტივი ფინანსური კალკულატორები – არ არის აუცილებელი ფინანსისტი იყო, რომ რიცხვები გააანალიზო. ჩვენი მარტივი ფინანსური კალკულატორების მეშვეობით წამებში შეძლებ რუტინული გამოთვლების გაკეთებას. ამ კალკულატორების მეშვეობით შეგიძლიათ გამოთვალოთ გადასახადები და ფინანსური კოეფიციენტები, ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის უკეთესად გასაანალიზებლად. ყველა ქართული გადასახადი უკვე მოცული გვაქვს და სხვა ტიპის ფინანსურ კალკულატორებსაც მუდმივად ვამატებთ.
მარტივი ანალიტიკური ხელსაწყოები – კერნელში სიმარტივეს ყველაზე მეტად ვაფასებთ, ზუსტად ამიტომ, ჩვენი ანალიტიკის ხელსაწყოები მხოლოდ აუცილებელ და მარტივად გასაგებ ინფორმაციას მოგაწვდიან. თანაც, ამ რეპორტებში წარმოდგენილი ინფორმაციის გადმოწერაც შესაძლებელია. აქ ნახავთ, თუ რა ოდენობის თანხა მიიღეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვისგან მიიღეთ, რამდენი გაქვთ მისაღები და ა.შ. მოკლედ, შემოსავლებისა და ფულის შემოდინების მენეჯმენტის საშუალებას გაძლევთ.
მომსახურება ჯერჯერობით ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომია. პლატფორმის მოსახმარებლად მხოლოდ მარტივი მონაცემების შეყვანა და რეგისტრაციაა საჭირო. თუმცა, მომავალი წლიდან დაფასოების სისტემა შემოგვაქვს, რაც თვეში შექმნილი ინვოისების დაშვებულ რაოდენობას, შესაბამისი პაკეტის მიხედვით შეზღუდავს.
-თუ არის უკვე თქვენი საქმიანობის მიმართ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება?
ამჟამად, საქართველოში 2500 დარეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს. სულ რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო ბაზარზე დავიწყეთ გასვლა და რამდენიმე ქვეყნიდან უკვე 500-მდე მომხმარებელი მოვიპოვეთ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებში სატესტო რეჟიმში ვართ და აგრესიული კომუნიკაცია ჯერ არ დაგვიწყია. ამ ტესტირების მიზანი შესაფერი ბაზრის იდენტიფიკაციაა.
-თუ გყავთ ბაზარზე კონკურენტები და რა უპირატესობები გაქვთ მათთან შედარებით?
საქართველოს ბაზარზე ჩვენი პირდაპირი და ერთადერთი კონკურენტი invoice.ge-ა. ვერაფრით დავაკნინებ მათ პლატფორმას და ვერ ვიტყვი, რომ ცუდი სერვისი, ან აპლიკაცია აქვთ, ნამდვილად კარგები არიან. თუმცა კერნელის მიზანი, ხიბლი და მთავარი მახასიათებელი invoice.ge-სგან ძალიან განსხვავებულია. მათგან განსხვავებით ჩვენი მანტრა “სიმარტივეა”. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მცირე ბიზნესებს, ფრილანსერებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ყოვლისმომცველი, გადატვირთული და რთული სოფტი შევთავაზოთ. ჩვენ სიმარტივით ვხელმძღვანელობთ და ვცდილობთ, ჩვენი აპლიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ფუნქციონალურად. კერნელის აპლიკაცია ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას რაიმე სახის ფინანსური განათლება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ადამიანს პრობლემა და მისი მოგვარების სურვილი აქვს, კერნელი მისთვის გასაგები და პრობლემის მარტივად მოსაგვარებელი გზა იქნება და რომ, არ დასჭირდება ფინანსებსა და ბუღალტერიაში გარკვევა.
ამას გარდა, invoice.ge-სგან რაც განგვასხვავებს, ესაა მოქნილობა და მომხმარებლებთან კომუნიკაცია. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მომხმარებლებთან, სულ ვეკითხებით რა აწუხებთ, რა არ მოსწონთ აპლიკაციაში, რას შეცვლიდნენ, რას ჩაამატებდნენ და საერთოდ, როგორ განავითარებდნენ პლატფორმას. მოსმენა ყველას შეუძლია, თუმცა ჩვენ ამ მოსმენილ უკუკავშირს რეალობად ვხდით. არასდროს არაფერი არ შეგვიქმნია/დაგვიმატებია მომხმარებლებთან დაკითხვის გარეშე. ჩვენ ვქმნით იმას, რაც ჩვენს მომხმარებლებს სურთ რომ შევქმნათ და არა იმას, რაც გვინდა რომ მომხმარებლებმა მოიხმარონ. ამაში ჩვენი გუნდის მოქნილი სტრუქტურა და მენეჯმენტის სტილი გვეხმარება.
-სად ხართ წარმოდგენილი და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?
სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოს ბაზარზე ვკონცენტრირდებოდით, თუმცა რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და ამჟამად, რამდენიმე აღმავალი და განვითარებადი ქვეყნის ბაზარს ვტესტავთ. სავარაუდოდ, შემდეგი წლის თებერვლიდან მათ შორის ფავორიტი ბაზარი ამორჩეული გვექნება, ანუ საქართველოს გარდა, კიდევ ერთ ბაზარზე ვკონცენტრირდებით.
გუნდში სრული განაკვეთით ოთხნი ვმუშაობთ, ნახევარ განაკვეთზე კი – ორნი. თუმცა, რამდენიმე სერვისს outsourcing-ით ვიღებთ. ამას გარდა, ჩვენი სტრატეგიული ინვესტორი და 500 Startup Georgia-ს საერთაშორისო დონის მენტორები მუდმივად მონაწილეობენ კომპანიის პროდუქტის სტრატეგიულ დაგეგმარებასა და ზოგადად განვითარების პროცესში.
-როგორია სამომავლო გეგმები?
ჩვენი სურვილია, ვიყოთ სრულყოფილი, თუმცა ამავდროულად მარტივი, საბუღალტრო და ფინანსური პლატფორმა, მცირე ბიზნესებისთვის. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სტარტაპ ეკოსისტემასა და ფინანსურ სექტორში კარგი საფუძველია იმისთვის, რომ კერნელი ქართული მცირე ბიზნესის „მარჯვენა ხელი“ გახდეს.
როგორც უკვე რამდენჯერმე ვახსენე, მხოლოდ საქართველოთი არ შემოვიფარგლებით და უკვე დავიწყეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც. ჩვენი მიზანი ნებისმიერ ბაზარზე ერთია – გავუმარტივოთ არა-ფინანსისტ ბიზნესმენებს თავიანთი ფინანსების მენეჯმენტი, იქნება ეს მარტივი ინვოისირების აპლიკაციით, ფინანსური კლაკუალტორებით, ხარჯების აღრიცხვის სისტემით, თუ რაიმე სხვა პროდუქტით, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს დაჭირდებათ.
მთავარი ფოტოს ავტორი: საქართველოს ბანკი