LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბანკებს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებენ

100

ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ კომერციული ბანკები, გუშინდელი ქმედების გამო, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ის, რაც გუშინ მოხდა, არის სირცხვილი. ეს იყო ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ გუშინ, ეს არ იყო ნორმალური პროცესი, ეს იყო კრიზისის გათამაშება იმ ბანკების მხრიდან, ვინც თანხას აწვდიან სავალუტო ჯიხურებს.
სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ მომხდარით, ეს იყო მტაცებლური ნაბიჯი უმსხვილესი მოთამაშეების მხრიდან. თუკი რეგულაცია არ იარსებებს, პროცესი წავა უკუსვლისკენ. ველოდები სახელმწიფოსგან რეაგირებას”, – აღნიშნა მან.

გუშინ, დღის მეორე ნახევარში, კომერციულ ბანკებში დოლარის გასაყიდი ფასი 2.70–მდე ავიდა, მაშინ როდესაც ოფიციალური კურსი 2.53–ზე იყო. დღის ბოლოს ბანკებმა 2.70 –დან კურსი 2.60–მდე ჩამოსწიეს, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურ კურსად 2.58 გამოაცხადა.

დუნდუამ ასევე, დასძინა რომ 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ხელფასების უდიდეს ნაწილს სესხის დასაფარად იყენებს. ამ კუთხით, დუნდუა ამბობს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა – შედარებისთვის გერმანიაში მოსახლეობის 1,5% –ს აქვს სესხი, ხოლო საქართველოში 23%–ს.

მისივე თქმით, საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობის დონის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში არიან.

“რატომ უნდა იყოს კომერციული ბანკები ასეთ მაღალ ადგილზე – იმიტომ, რომ ფულს ტენიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას”, – განაცხადა მან.