მაგდა პაპიძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ცნობები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული პროკურატურის მიერ, ამის შესახებ „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მძიმე ბრალდების მქონე პაპიძე რისხვისა და სიძულვილის ობიექტად იქცა როგორც მთელი საზოგადოების, ისე, სავარაუდოდ, სამართალდამცავების მხრიდან.
„მაგდა პაპიძემ, რომელსაც ბრალად ედება შვილისა და ქმრის მკვლელობა, 22 დეკემბერს განაცხადა, რომ მას პოლიციელები დამამცირებლად და არაადამიანურად მოეპყრნენ, რაც გამოიხატებოდა ცემაში, მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. მაგდა პაპიძეს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და ის რისხვისა და სიძულვილის ობიექტად იქცა როგორც მთელი საზოგადოების, ისე, სავარაუდოდ, სამართალდამცავების მხრიდან. როგორც ქალი, ის კიდევ უფრო მეტადაა ძალადობის სამიზნე. მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს მართლმსაჯულების სისტემამ ყველაფერი უნდა იღონოს საიმისოდ, რომ არ მოექცეს საზოგადოების განწყობის და ემოციების გავლენის ქვეშ და ბრალდებული მიუკერძოებლად და სამართლიანად გაასამართლოს.
არაადამიანური მოპყრობისა და წამებისგან დაცულია ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარიც. მაგდა პაპიძეზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ცნობები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული პროკურატურის მიერ. საქართველოს სახალხო დამცველს მოვუწოდებთ მოინახულოს პატიმარი. დროულად უნდა ჩატარდეს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა აღნიშნული ცნობების სათანადო გამოიძიებისა და დოკუმენტირებისათვის. მაგდა პაპიძეს მიმართ არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. არც სახელმწიფო სტრუქტურები, არც მედია და არც საზოგადოება არ ელოდებიან სამართლიანი სასამართლოს შედეგებს და ბრალდებულს “მკვლელად” მოიხსენიებენ. მოვითხოვთ, მაგდა პაპიძის საქმის სრულყოფილ გამოძიებას, მათ შორის მის მიმართ განხორციელებული შესაძლო ოჯახში ძალადობის ისტორიის შესწავლას. აუცილებელია მამა-შვილის მკვლელობის სამართლიანი და სათანადო გამოძიება და დამნაშავის კანონის შესაბამისად დასჯა,“ – ნათქვამია „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში.