“ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროგესს მიაღწიეს გენდერული თანასწორობის კუთხით, ამ ბრძოლაში სწორედ კაცები იყვნენ ჩართულები”,- ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ქალთა საერთაშორისო დღეს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პანდემიაზე განსაკუთრებული აქცენტით აღნიშნავს. მისი განმარტებით, წელს ამ მნიშვნელოვანი თარიღის მთავარ თემას „ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში“ წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ქალების ძალისხმევა, რომელიც მიმართულია თანასწორი მომავლის უზრუნველყოფისთვის.
თამარ საბედაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა არსებული გამოწვევები, ვინაიდან გამოჩნდა, რომ ეს პერიოდი ქალებზე განსაკუთრებული სიმძიმით აისახა. მისი თქმით, პანდემიის დროს, 2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 15 600 ადამიანმა დაკარგა, აქედან 89% ქალია.
“განსაკუთრებით გენდერული უთანასწორობის კუთხით გამოიკვეთა პრობლემები. საოჯახო საქმეები მხოლოდ ქალის მოვალეობად არის აღქმული. პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევები და რისკები გლობალურად 30 პროცენტით გაიზარდა. 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ბევრმა დაკარგა სამსახური, მათ შორის ქალების 89 პპროცენტმა. ექსპლუატაცია, აუნაზღაურებელი შრომა და ამას ემატება სახლის სამუშაო. პანდემიამ კარგად გამოაჩინა არსებული მდგომარეობა”, – განაცხადა თამარ საბედაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ქალების ინტერესების გათვალისწინება შესაბამისი პროგრამებისა თუ პოლიტიკების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ყველა სფეროში და ყველა ეტაპზე. მისი თქმით ეს არ არის მხოლოდ ქალების ბრძოლა, ეს უნდა იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი ფასეულობა, თანასწორობა.
“თავისთავად ქალთა უფლებები ეს არის ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნაწილი. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროგესს მიაღწიეს გენდერული თანასწორობის კუთხით, ამ ბრძოლაში სწორედ კაცები იყვნენ ჩართულები”, – აღნიშნა თამარ საბედაშვილმა.
გიორგი კეკელიძე: “კაცებო, გილოცავთ 8 მარტს! ანუ ჩემს თავსაც ვულოცავ – გამოფხიზლების სურვილით!”