LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის ახალი პროგრამები შეიქმნა

110
56664603_302607460410131_5276510255352643584_n

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ კიდევ ერთი ინიციატივა წარადგინა და ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, საზოგადოებრივ კოლეჯებთან: „სპექტრი“, „ფაზისი“, „თეთნულდი“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან.

როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა  მაგდა მაღრაძემ აღნიშნა, ფონდის ფინანსური დახმარებით, პროფესიულმა სასწავლებლებმა  შექმნეს ახალი სასწავლო პროგრამები და მათ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ შემდეგ პროფესიებზე: ნავსადგურის ამწის ოპერატორი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, შრომის უსაფრთხოება, შედუღება, ელექტრო ინჟინერია, მექანიკური ინჟინერია.

„ეს გახლავთ უნიკალური კერძო-საჯარო პარტნიორობა, რომელის ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს, რადგან შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის დეფიციტი ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა და როგორც ქალები, ასევე კაცები უნდა იღებდნენ თანაბარ შესაძლებლობებს დასაქმების კუთხით.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს, ერთობლივად განახორციელონ ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროექტი, რომელიც ქალებს მისცემს დასაქმების და პროფესიული უნარების უსაფრთხო სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას,“ – აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

ურთიერთთანამშრომლობის ეს პროექტი სთავაზობს დაინტერესებულ ქალებს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას, კვებას ნავსადგურის სასადილოში და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების დაზღვევას.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს, ერთობლივად განახორციელონ ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროექტი, რომელიც თავის მხრივ ქალებს მისცემს საშუალებას დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომლებიც ქალებში ნაკლებად პოპულარულია და მიიღონ დასაქმების შესაძლებლობები, განავითარონ პროფესიული უნარები უსაფრთხო სამუშაო გარემოში, ხელი შეუწყონ შრომის ბაზარზე არსებული სტერეოტიპების მსხვრევას და ამით შეცვალონ ნავსადგურის საორგანიზაციო კულტურა და გარემო.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, რადგან ფოთის ტერმინალში გვჭირდება იყვნენ მეტი გოგონები და გვინდა, გვქონდეს მეტი საშუალება, რადგან მრავალფეროვნებას მოაქვს უფრო მეტი განვითარება, მეტი განსხვავებული აზრი, რაც ბიზნესისთვის სასარგებლოა“, – განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლორსენმა.

გენდერული უთანასწორობა, ხშირად, ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია; შესაბამისად, ფონდის მიზანია,  თანაბარი წვდომისა და სარგებელის, სოციალური ჩართულობისა და გენდერული ინტეგრაციის უზრუნველყოფა კომპაქტის ყველა პროგრამაში.

ღონისძიება ორგანიზებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, რომელიც ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს საქართველოში, ახდენს 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში და მიზნად ისახავს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.