„ანაკლია სითიმ“ მსხვილ ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო კომპანია „გებრიუდერ ვაისთან“ წინარე ხელშეკრულება გააფორმა. ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ავსტრიაში, სპეციალურად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტების თემაზე გამართულ ბიზნესფორუმზე შედგა.
”ანაკლია სითის” ინფორმაციით, გებრიუდერ ვაისის (Gebrüder Weiss) პროდუქტები და სერვისები ლოგისტიკას, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს აერთიანებს. მის სერვისებს შორისაა მაღალდინამიური ტექნოლოგიების ბაზრის, ტექსტილის, სამრეწველო სექტორისა და სხვა მიმართლებების ლოჯისტიკა. მსოფლიოში კომპანიის 150 ფილიალი მუშაობს. 2016 წელს „გებრიუდერ ვაისმა“ გადაზიდა 11,6 მილიონი გზავნილი და 27 მილიონი ამანათი.
ავსტრიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის თემაზე გამართლ ბიზნესფორუმს 25-მდე მსხვილი ავსტრიული ბიზნესკომპანია ესწრებოდა. ფორუმი ავსტრიის სავაჭრო პალატის ორგანიზებით და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შედგა. „ანაკლია სითის“ წარმომადგენლებმა ღრმაწყოლვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები კერძო სექტორს გააცნეს, ასევე გამართეს ორმხრივი შეხვედრები კომპანიების წარმომადგენლებთან.
”ქალაქი ანაკლია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება, რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა. ქალაქის გაშენება ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. „ანაკლია სითი“ თავდაპირველ ეტაპზე მოიაზრება, როგორც ლოჯისტიკური და მსუბუქი მრეწველობისათვის განკუთვნილი სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც განვითარების ეტაპებზე სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვდება და ის როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსი იქნება. გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები. სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის, როგორც ექსპორტის წახალისების, ასევე განვითარების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და სხვა მიმართულებებით”, – ნათქვამია ”ანაკლია სითის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.