„ოკუპანტ სახელმწიფოს კი არა, თუ ადამიანი ვიღაც კონკრეტულ პირს რაღაც შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის, ეს ერთია – ძალიან გთხოვთ, ცნებებს ერთმანეთში ნუ აურევთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან საუბრისას ადამიანებს, ვინც ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, ნაცისტებს უწოდებს.
„ოკუპანტ სახელმწიფოს კი არა, თუ ადამიანი ვიღაც კონკრეტულ პირს რაღაც შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის, ეს ერთია. საქართველოს რუსეთის მიმართ არასდროს ბოდიში არ მოუხდია, ყოველ შემთხვევაში, ამ ხელისუფლების დროს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ცნებებს ერთმანეთში ნუ აურევთ“. – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან საუბრობს, რომელიც ვლადიმირ პოზნერს თბილისში ახლდა.
ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.
თავად ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული „ფეიკია“.