„პროფესიონალი ექიმების მიერ ნათქვამი არცერთი კონკრეტული არგუმენტი არ ვიცით, რაც მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულება კვალიფიციურ და დროულ დახმარებას ვერ გასწევს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე აპელირება მხოლოდ მისი ციხიდან გათავისუფლების მიზანს ემსახურება.
„დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მისი კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის… ჩვენ ვნახეთ, რომ მისი შიმშილობა აბსოლუტურად სხვა ფორმით მიმდინარეობდა და ის საკვებს იღებდა.
აქედან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ სტაბილური იყო და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა. სააკაშვილის ჯანმრთელობა საბაბად მოაქვთ. მთავარი მიზანია, რომ მსჯავრდებული და განსასჯელი რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან. ჯანმრთელობაზე აპელირება მხოლოდ ამას ემსახურება“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.