LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PVT უბნების ხელახლა გადათვლამ, 8%-იანი მეტობითი დისბალანსი დაადასტურა: ISFED

77
ცესკო

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, ორგანიზაციამ პარალელური დათვლით მიღებული მონაცემები გადათვალა, რითიც  საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსი კიდევ ერთხელ დადასტურდა.  ISFED- ში ამბობენ, რომ ამის შესახებ ისინი თავიდანვე მიუთითებდნენ. ორგანიზაციის გამგეობის წევრის, ბაია პატარაიას თქმით, ISFED მზადაა, დაინტერესებულ პირებს ამ უბნების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდოს.

„ჩვენ, ISFED-ის გამგეობამ და გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ  ყველა PVT უბანი ხელახლა გადაგვეთვალა – 850 უბანი. ამ უბნებს დეტალურად არამარტო PVT-ის გუნდი სწავლობდა, არამედ ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები – 20 ადამიანზე მეტი იყო ჩართული, მათ შორი,ს რეგიონული ოფისებიდან.

“შემიძლია გითხრათ, რომ მეტობის დისბალანსი უბნების 8%-ს შეადგენს, როგორც ჩვენ ეს ადრე უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ. მიუხედავად იმისა, რომ PVT უბნები, როგორც წესი, საიდუმლოდ რჩება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავუშვათ გამონაკლისი და ამ 8%-ის ოქმები დეტალურად ცესკოსთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან გავიაროთ იმისთვის, რომ ნებისმიერი ეჭვი აღმოიფხვრას და ორგანიზაციამ გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტი დააკმაყოფილოს “, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრის თქმით, უბნებში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსის შესწორება არა გადათვლის, არამედ ახსნა-განმარტების საფუძველზე ხდებოდა. ISFED-ს მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა შესაცვლელია.

„რაც შეეხება უშუალოდ ამ 8%-ს. მეტობითი დისბალანსის გასწორება  სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა საშუალებით ხდებოდა.

სამწუხაროდ, საქართველოში მეტობითი დისბალანასის გასწორების ძალიან მახინჯი პრაქტიკაა დამკვიდრებული. გასწორება ხდება არა გადათვლის საფუძველზე, არამედ ახსნა-განმარტების საფუძველზე, რასაც ჩვენ ვერ მივესალმებით და მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

 

აქვე გაგაცნობთ ერთ მონაცემს: მარტო ISFED-მა 160 უბანზე მოითხოვა ხმების გადათვლა. თუმცა, აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 16. გადათვლას თავისთავად სხვა ორგანიზაციებიც ითხოვდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ხმების გადათვლა, რაც ჩაითვლებოდა ერთადერთ სამართლიან და მართებულ საფუძვლად, რომ ჩასწორებულიყო ოქმები, არ შედგა. ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა პატარაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის თამარა სართანიას თქმით, ახსნა-განმარტების საფუძველზე ოლქებში შესწორდა საარჩევნო უბნების 3.6%-ის მონაცემები, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მომდევნო დღეებში ოქმებში გამოვლენილი დისბალანსი მხოლოდ საუბნო კომისიის წევრების მიერ დისბალანსის მიზეზების გახსენების საფუძველზე შესწორდა.

„ოქმები შესწორდა ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე. უფრო კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიის წევრს ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ ახსენდება, თითქოს რომელიმე გრაფაში ერთი რიცხვის ნაცვლად უნდა ჩაეწერა მეორე რიცხვი ან ვთქვათ, ამომრჩევლის რაოდენობა ჰქონდა მითითებული არასწორად, ბათილი ბიულეტენები იყო სხვა რაოდენობის და ა.შ. რასაკვირველია, ეს შეიძლება მექანიკური შეცდომა იყოს, მაგრამ ოქმების ჩასწორება უნდა მოხდეს გადათვლის საფუძველზე“, – განაცხადა სართანიამ.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმების 1.3%-ში შესწორების ოქმი არც კი შემდგარა და მონაცემები თავად ოქმშივე გადაასწორეს.

„ესეც არის საეჭვო პრაქტიკა, რადგან კანონი ითვალისწინებს, რომ შემაჯამებელ ოქმში არ შეიძლება მონაცემების შეცვლა“, – დასძინა სართანიამ.

შემაჯამებელი ოქმების 0.6%-ში კი, სართანიას თქმით, მათ მიერ დამოწმებული შემაჯამებელი ოქმები არ დაემთხვა ცესკო-ს მიერ ვებგვერდზე ატვირთულ ოქმებს.