რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.
შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
„მიღებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ სტრუქტურებთან, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“, – წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაავალა ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის სახელით.