პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საარჩევნო კამპანიასთან ერთად ჩვენ საპირისპირო სურათს ვხედავთ: ცივი ომის რიტორიკას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სიტუაცია მოსკოვთან ჩიხშია შესული. ვიმედოვნებდით, რომ რაღაც ეტაპზე მოსკოვი დაიწყებდა მოქმედებას არა დაძაბულობისა და კონფრონტაციის კუთხით, არამედ ხალხისთვის უკეთესი მომავლის მოტანის მიმართულებით. თუმცა, არ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ისტორიის ეს მომენტი და ეს ფაზა სწორი მომენტია ამგვარი იმედებისთვის. პრეზიდენტ პუტინის საარჩევნო კამპანიასთან ერთად ჩვენ საპირისპირო სურათს ვხედავთ: ცივი ომის რიტორიკას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სრულად აქვს შესრულებული ნატო-სგან მიღებული დავალებები.
„საქართველომ არსებითად შეასრულა ყველაფერი, რაც მოთხოვნის სახით იყო წარდგენილი ჩვენი ქვეყნისთვის რეფორმების გატარების კონტექსტში. ჩვენ სრულად შევასრულეთ ის დავალებები, რაც ნატო-სგან მიღებული გვქონდა და ეს ნატო-მაც აღიარა. ჩვენი მხრიდან ყველაფერი შევასრულეთ და დიდი წვლილი შევიტანეთ გლობალურ უსაფრთხოებაში, თუმცა გლობალური უსაფრთხოების სიკეთეებით არ ვსარგებლობთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.