LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი ქართველებზე ზემოდან ყურებას არასდროს მოეშვება – ლევან ბოძაშვილი

317
ლევან ბოძაშვილი

პუტინი ქართველებზე ზემოდან ყურებას არასდროს მოეშვება. ფრენებისა და ტურისტების ნაკადის შეწყვეტა სასწრაფო სადამსჯელო ღონისძიებებია პუტინის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსული პოლიტიკა სინამდვილეში ქართველებსა და საქართველოს მეორეხარისხოვნად, არათანაბარ პარტნიორად მიიჩნევს, რომელმაც ხმის ამოღება ოკუპაციაზეც კი არ უნდა გაბედოს, არ გამოხატოს უკმაყოფილება და ლეგიტიმური არა უთხრას აგრესორს, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა ავიამიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის ბრძანების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ რუსეთი პრაგმატულად მოქცეულიყო, გულისმოსაგები ნაბიჯი გადაედგა, პირიქით, დაადასტურა პომპეოს სიტყვები, რომ ცხვრის ტყავში გახვეული მგელია.

„ამას გარდა, თუ დავაკვირდებით, თავიდან მათი აქცენტი “ესტრემისტულ” ჯგუფებზე კეთდებოდა, ხოლო პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ კონკრეტული ზომები მიიღეს. ანუ თავის ჭკუით დასაჯეს ხალხი, ქვეყანა“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა, ხელისუფლების ორგანოებმა ფუფუნება, ჯიპები და პრემიები მოიკლონ და ტურისტულ სექტორს დაეხმარონ, მოახდინონ კომპენსირება სეზონური დანაკლისის, “რათა ეს პერიოდი, რომელსაც ისედაც გადავიტანთ, ნაკლებად მტკივნეული იყოს“.

„მოვუწოდებ ყველა უწყების ხელმძღვანელს, რომ გამოამჟღავნოს სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითი და ამ მიმართებით იმოქმედოს. ამავე დროს, მხოლოდ იმის ძახილი, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, სიტყვებად დარჩება თუ ქართულ პროდუქციასა და შიდა ტურიზმზე მეტ აქცენტს არ გავაკეთებთ. ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც ასეთი მიდგომით უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა დროებით იკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები