LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი პირობას დებს: ვინც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, ინანებს ისე, როგორც დიდი ხნის განმავლობაში არაფერი უნანია

86
Untitled design (2)

“ვინც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, ინანებს” – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი და იმედს გამოთქვამს, რომ არავინ იფიქრებს ე.წ. წითელი ხაზის გადაკვეთას. ამასთან, ვლადიმირ პუტინი პირობას დებს, რომ მოსკოვი, მის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას სიმეტრიულად უპასუხებს.

ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ფედერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა:

“რუსეთს სურს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ბოლო პერიოდში, რბილად რომ ვთქვათ, ურთიერთობები არ ვითარდებოდა. მაგრამ თუ ვინმე ჩვენს კეთილ განზრახვას გულგრილობად ან სისუსტედ მიიჩნევს და საბოლოოდ დააპირებს ხიდების დაწვას ან აფეთქებას, მან უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება სიმეტრიული, სწრაფი და მკაცრი.

ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს, ინანებენ საკუთარ ქმედებებს, ისე, როგორც დიდი ხნის განმავლობაში არაფერი უნანიათ.” – თქვა პუტინმა.

ყოველწლიური მიმართვის დროს რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის პოლიტიკის მნიშვნელობა და შინაარსი არის – უზრუნველყოს მშვიდობა და უსაფრთხოება საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისა და ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის.

თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს საკუთარი ინტერესები, რომელსაც იცავს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები და თუ ვინმე უარს იტყვის გაიგოს ეს აშკარა დამოკიდებულება, არ ისურვებს დიალოგის წარმოებას და აირჩევს ეგოისტურ და ამპარტავან ტონს, რუსეთი ყოველთვის იპოვის გზას საკუთარი პოზიციის დასაცავად.

რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება მოყვა დასავლეთის შეშფოთებას მოსკოვის ქმედებებზე – მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან რუსული ჯარი განთავსდა, დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაიღუპა რამდენიმე სამხედრო, ევროკავშირმა, აშშ-მა და ნატო-მ სანქციების გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი.

პუტინი ამბობს, რომ თანამედროვე სამყაროში ყველა შეეჩვია პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო სანქციების გამოყენებას და ამავე დროს აღნიშნავს, რომ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას აქვს საკმარისი მოთმინება, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, თავდაჯერებულობა და საღი აზრი ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები