„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა რასაც ვულოცავ ჩემს თავს, მთელ საქართველოს და ჩემ შვილებს“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გვარამიამ პროცესზე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პუტინი, როგორც ზევსი ვერ შედგა და რომ ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, „ჩმორია.“
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად სრულიად გასაგები გახდა, რომ ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა რასაც ვულოცავ ჩემს თავს, მთელ საქართველოს და ჩემ შვილებს.
დროის საკითხია, რომ მომავალ წელს ამ დროს უკრაინა გაეროს მიერ აღიარებულ ფარგლებში იქნება ყირიმის გამოკლებით. სრულიად აღმაფრთოვანებელია ზელენსკის განცხადებები, არცერთი შეცდომა ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტს არ დაუშვია.
ევროპის მოტაცება ვერ შედგა, ვერ შედგა პუტინი, როგორც ზევსი. ეს კაცი აღარ არსებობს იმ ძალმოსილებით, როგორითაც არსებობდა ათეულობით წლები. პუტინი იყო ცუდი ბიჭი ხუთოსნებს შორის, იცით, რომ ხუთოსნებს შორის ცუდი ბიჭები ყოველთვის უფრო ძლევამოსილად გამოიყურებიან. ახლა ის გადავიდა ცუდი ბიჭების ლიგაში და ის უკვე ცუდი ბიჭი არ არის, „ჩმორია.“– განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე ღელავს. გვარამიას ექსპრეზიდენტს სასამართლო დარბაზიდან მიესალმა და მოუწოდა ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.
„მივესალმები მიშას, მასზე ძალიან ვღელავ. ველოდები ყოველ მის პოსტს უკრაინაზე, ძალიან მაინტერესებს მისი ანალიზი. მოვუწოდებ, იყოს მხნედ და კარგად. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ახლა არაფერია. კვანძის გახსნა მოახლოებულია. დარწმუნებული ვარ, მანაც იცის ეს ყველაფერი. პირველ რიგში, ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.“ – აღნიშნა გვარამიამ.