LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია

2025
putini123

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარ ვერსიას ყვება.

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

პუტინს რუსმა ჟურნალისტებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დაუსვეს კითხვა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პასუხამდე საჭირო იყო „წარსულში, ისტორიაში ჩახედვა“.

„სრულფასოვნად რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე, ბევრი დრო დასჭირდება. მოკლედ მაინც გეტყვით, როგორი დამოკიდებულება მაქვს ამასთან. იმისთვის გასაგები რომ იყოს მე რითი ვხელმძღვანელობ, ცოტა წარსულში უნდა ჩავიხედოთ, ისტორიაში. უყურეთ: ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (მგონი სწორად მახსოვს) 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. მოგვიანებით მოვლენები მიმდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს ჩარჩოებში – ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის შემადგენლობაში (არავითარი საქართველო არ იყო, ტიფლისის გუბერნია). აფხაზეთი ვითარდებოდა შემდეგნაირად: როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია. ოკუპანტები ძალიან სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად იქცეოდნენ ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვია. კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება, თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ურთიერთობის მოგვარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან. საბჭოთა კავშირის დროს სხვათა შორის, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც არ იყო. სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი და სხვათა შორის, ჩვენი ადამიანის უფლებათა დამცველები ამას რატომღაც არასდროს აქცევენ ყურადღებას. ეს გასაკვირიც არის, მაგრამ სტალინის ბრძანებით „ენკავედემ“ ბერიას ხელმძღვანელობით ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ, ძალიან მკაცრი, ახლა არ მინდა ამის მოყოლა (გახმოვანება) – საქართველოს მიერ ამ ტერიტორიის ჩასაყლაპად და აფხაზი ხალხის. ეს მძიმე მემკვიდრეობა არათუ გაითვალისწინა, არამედ სრულად უგულვებელყო თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმა, როდესაც საერთოდ გააუქმა ყოველნაირი ავტონომია, აჭარისაც, აფხაზეთისაც და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი. თავის დროზე მე ვარწმუნებდი სააკაშვილს, ვეუბნებოდი მას, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართ. ამერიკელებს იგივეს ვეუბნებოდი. მეთანხმებოდნენ – კი, კი არავითარ შემთხვევაში და რა ქნეს? – წავიდნენ იქ ომით და შედეგი დღეს ეს ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა ხალხები – აფხაზეთისაც და სამხრეთ ოსეთისაც. რისთვის ვამბობ ამ ყველაფერს. ეს ანტირუსული განწყობები წაქეზებულია (გაბერილია, აგორებულია) საქართველოში იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც ან არაფერი იციან, ან იციან და უგულვებელყოფენ და საბოლოოდ გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ თვით საქართველოს და ქართველ ხალხს. ყველაფერი დანარჩენი აქედან გამომდინარეობს. გინებაც, ლანძღვაც ამის გამოვლინებაა. ამიტომ ამ ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს სერიოზული, ღრმა. არ არის საჭირო რეაგირება ვიღაც ნაძირლების გარეგნულ გამოვლინებებზე“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ეკატერინბურგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები