LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადას კომპანია ”სევერნო ზაპადი” ააშენებს

36

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებელი კომპანია უკვე გამოვლინდა. ესტაკადას რუსული კომპანია ”სევერნო ზაპადი” ააშენებს. მშენებელმა კომპანიამ პუშკინის ქუჩის ხელახალი რეკონსტრუქციისთვის მერიას საუკეთესო პირობები შეთავაზა.

როგორც ”ფორტუნას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, თუ კომპანია მერიას ხარჯთაღრიცხვას და სხვა დოკუმენტაციას დროულად  წარმოუდგენს ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდება.

”თუ კომპანა ამ დოკუმენტებს გონივრულ ვადაში ვერ წარმოადგენს, ის კომპანია შეირჩევა, რომელმაც ”სევერნო ზაპადის” შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა” – აცხადებენ მერიაში.

პუშკინის ქუჩის რეკონსტრუქციის შემდეგ, ქუჩაზე ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. ესტაკადის ქვეშ ხელუხლებელი დარჩება წინა რეკონსტრუქციისას აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები. ტურისტებს და ქალაქის მაცხოვრებლებს მათი დათვალიერება შეეძლებათ როგორც ზემოდან, ისე ჩასასვლელი კიბეების გამოყენებით.

პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს ესტაკადის ქვეშ ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფალი გადასასვლელის მოწყობას, ესტაკადის მალის ნაშენის მზიდი კონსტრუქციების განლაგების გათვალისწინებით.

ეტაკადის მშენებლობისთვის 4,752 მლნ ლარია გამოყოფილი. გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაო უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში. დასრულება კი ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდ თვეშია გათვალისწინებული.