LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის მიუხედავად, 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

167
b81453cf-4c6a-4527-b5af-3c30c9e81062

„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქციის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახი კალაძემ ბრიფინგი გამართა. ქალაქის მერმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე ისაუბრა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, ‘ნაციონალური მოძრაობა” არეულობასა და დესტრუქციულობაში დაადანაშაულა. კალაძის თქმით, ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიზეზით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებისთვის ხელის შეშლას აპირებს.

„გუშინ  ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები იყო. ამ აქციის საბაბი, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა.

შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა, წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია. მეტიც, 2012 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ისე განხორციელდა, რომ საარჩევნო ცვლილების საკითხი არც კი განუხილავთ… არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ახლა აქციაზე ვიხილეთ.

2017 წელს კი ამავე პოლიტიკური ძალების ბოიკოტის ფონზე, მოახერხა ქართულმა ოცნებამ,  ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განეხორციელებინა წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო.

მაშინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც დღეს ბარიკადებზე დგას, საარჩევნო სისტემის დაუყონებლივ ცვლილებისთვის, ანუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლისთვის მხარი რომ დაეჭირა, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უკვე იქნებოდა ასახული. სურთ ეს ოპონენტებს თუ არა, სწორედ “ქართული ოცნება” ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად.

ყველა საარჩევნო სისტემას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმიური და დემოკრატიულია. 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, როგორც აქამდე ტარდებოდა უკანაკსნელი სამი ათწლეულის მანძილზე.  არჩევნებს იგებს საზოგადოებრივი ნდობაა და არა საარჩევნო სისტემა”, – განაცხადა კახი კალაძემ.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, საუბრისას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდიც გაიხსენა. კახი კალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივი რეჟიმი სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში შეცვალეს. კალაძემ აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, ამიტომაც იაფასიანი, დესტრუქციული პერფორმანსებით პოლიტიკურ პროცესში არეულობის შემოტანას ცდილობენ, რასაც მაქსიმალურად მოითმენენ, თუმცა დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება.

კახი კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას აღარ განიხილავენ და საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით არ ჩატარდება.