ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. ისინი თბილისის მერიის ინიციატივით შემოღებულ რეგულაციებს ფართომასშტაბიანი აქციით 18 აპრილს გააპროტესტებენ. ამის შესახებ სადგურის მოედანზე შეკრებილმა ტაქსის მძღოლებმა მედიასთან ისაუბრეს.
აქციის მონაწილეები რეგიონში მცხოვრებ ტაქსის მძღოლებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ 18 აპრილს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
ვაგზლის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს დღეს „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მათ იურიდიულ დახმარებას დაჰპირდნენ.
„თუ თბილისში გაუვიდათ ეს მავნე რეგულაციები, შემდგომ რეგიონებში გაავრცელებენ ამ ყოველივეს, რაც გამოიწვევს ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის უმუშევრად დატოვებას, უსახსროდ, უფულოდ, უსასოოდ და ესენი იქნებიან განწირულები. ამიტომ, მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი, გადაიდოს ყოველგვარი რეგულაცია ტაქსებზე და სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნები, მანამდე გაგრძელდება მჯდომარე პერმანენტული აქციები. ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს მთელი თბილისის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ ათი ათასობით ადამიანი შემოუერთდება ამ კანონიერ მოთხოვნებს,“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ.
შეგახსენებთ, ტაქსის მძღოლები როგორც ტაქსებით თეთრად გადაღებვას, ასევე ტექინსპექტირებისწელიწადში ორჯერ გავლას და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ. მძღოლები ამბობენ, რომ ამ რეგულაციების შესრულება ძვირი ჯდება და ეს მათ პრობლემებს შეუქმნის.