პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც დღეს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განიხილა.
მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი, იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის ჩაბმას პროსტიტუციაში, მათ შორის, იმ ბარების, კლუბების თუ სხვა დაწესებულებების წინააღმდეგ, სადაც ადგილი აქვს არაძალადობრივი მეთოდებით ადამიანთა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არასრულწლოვანთა ხელშეწყობას, ჩაებან პროსტიტუციაში.
როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, ზოგჯერ კლუბის/ბარის მესაკუთრე, მენეჯერი ან მასთან დაკავშირებული სხვა პირი შეიძლება, გვევლინებოდეს პროსტიტუციისათვის ხელის შემწყობად, მაგრამ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ვერ იწყება ვერც სსკ-ის 253-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პროსტიტუციაში ჩაბმას ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით (რადგან ამგვარი მეთოდების გამოუყენებლობის შემთხვევაში, დანაშაულს ადგილი არ აქვს), და ვერც 254-ე მუხლით, რომელიც დანაშაულად აცხადებს მხოლოდ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემას (რადგან, შესაძლოა, ასეთი ადგილები არც გამოიყენებოდეს საკუთრივ პროსტიტუციის ადგილად, მაგრამ გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რათა პროსტიტუციაში ჩაბმული პირი და მისი „მომსახურებით“ მოსარგებლე შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ ამგვარ მომსახურებაზე.