ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მასალები დამონტაჟებულია. როგორც რადიო ’’ფორტუნას’’ ადვოკატმა განუცხადა, აღნიშნულის თქმის საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ საქმეში არსებულ მასალებს კარგად იცნობს.
’’დამონტაჟებულია-მეთქი ვთქვი, იმ გაგებით, რომ ეს არის გადაკერებულ-გადმოკერებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქმის მასალებს, მათ შორის, აუდიო-ვიდეოს თავიდან ბოლომდე გავეცანი. მიუხედავად იმისა, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის, საზოგადოებამ დაინახა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ უყიდია, ფაქტია, რომ ჩაუდეს. ასევე, ფაქტია, რომ არსად ჩანს ამ მიჭრილ-მოჭრილ მასალაშიც კი დეკანოზი ვინმეს მკვლელობას ამზადებდა. იმ ტერმინოლოგიითა და ჟარგონებით, რომლითაც ჩანაწერებში არის საუბარი, ამ ჟარგონებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი საუბრობს და მაშინ გამოდის, რომ დაახლოებით მილიონი ადამიანია დასაკავებელი საქართველოში.
იმ ჟარგონების გამოყენებით, როცა კითხვები მიდის ირაკლი მამალაძის მხრიდან და არა დეკანოზის მხრიდან, ასე ვთქვათ, დიალოგი მიჰყავს მას და არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მამა გიორგი მამალაძის მიმართ დადგმულ სპექტაკლში ირაკლი მამალაძემ თავისი ფუნქცია ორიანზე შეასრულა, ვინაიდან, ფაქტია, რომ მან ვერანაირი პროვოკაცია ვერ განახორციელა… ჩვენი არგუმენტები თავიდან ბოლომდე ლაკონური და ლოგიკურია, ამოჭრილ მასალაში არსად არ ჩანს, რომ მამა გიორგი მამალაძემ დანაშაული ჩაიდინა’’, – განაცხადა დაკავებული მამა გიორგი მამალძის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.